შენდამი, უფალო, ავიღე სული ჩემი.
ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი.
ყოველთა, რომელთა დაგითმონ შენ, ნუ ჰრცხუენებინ; ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად.
გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ და ალაგნი შენნი მასწავე[ნ] მე.
მიძეგუ, მე, უფალო, ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმო მარადის .
მოიჴსენენ, უფალო, წყალობანი შენნი და შეწყნარებანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან.
ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ, უფალო; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე, უფალო, სიტკბოებისა შენისათჳს.
რამეთუ ტკბილ და წრფელ ხარ შენ, უფალო. ამისთჳს შჯულიერ ჰყვენ ცოდვილნი გზასა.
უძეღუ მშჳდთა საშჯელსა, ასწავენ მშჳდთა გზანი შენნი.
ყოველნი გზანი უფლისანი წყალობა და ჭეშმარიტება არიან მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა.
სახელისა შენისათჳს, უფალო, მილხინე ცოდვათა ჩემთაგან, რამეთუ მრავალ არიან.
ვინ არს კაც, რომელსა ეშინის უფლისა? და შჯულიერ ყოს იგი გზასა მას, რომელსაცა სთნდეს;
სულმან მათმან კეთილსა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანაჲ.
ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული მისი აუწყოს მათ.
თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნა მახესა ფერჴნი ჩემნი.
მოიხილე ჩემდა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდ-შობილ და გლახაკ ვარი მე;
რამეთუ ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, და ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე.
იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.
იხილე, რამეთუ მტერნი ჩემნი განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე.
იცევ სული ჩემი, მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ, რამეთუ გხადოდე შენ.
უბიწონი და წრფელნი შემომეყვნეს, რომელთა დაგითმონ შენ, უფალო.
იჴსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა.