შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო,
უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო; ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი, რქაჲ ცხორებისა ჩემისაჲ და ჴელის ამპყრობელი ჩემი.
ქებით ვხადე უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერი.
გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
ჭირთა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.
ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღადვყავ და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცე; შეისმინა ჩემი უფალმან ტაძრით წმიდით მისით, ღაღადებაჲ ჩემი მიიწია მის წინაშე ყურთა მისთა.
იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ. საფუძველნი მთათანი შეირყინეს; შეძრწუნდა, რამეთუ შეჰრისხდა მას ღმერთი.
აჴდა კუამლი რისხვასა მისსა, ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდა, ნაბერწყალნი გარდამოეთხეოდეს მისგან.
მოდრიკნა ცანი, გარდამოჴდა ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა.
აჴდა ქერობინთა, აღფრინდა, აღიმაღლა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.
დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოჲს საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.
მბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელთა წარიღეს სეტყუაჲ, ნაბერწყალი ცეცხლისაჲ.
ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.
მიავლინნა ისარნი მისნი, განაბნინა იგინი, ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.
აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, და ქარითა, სულითა რისხვისა შენისაჲთა.
გამოავლინა მაღლით, შემიწყალა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.
მიჴსნა მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროჲს.
მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა, მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.
და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნა მე უფალმან, რამეთუ უნდი მას.
მომაგო მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და სიწმიდითა ჴელთა ჩემთაჲთა მომაგოს მე.
რამეთუ დავიცვენ მე გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ მე ღმრთისა ჩემისაგან;
რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან მარადის და სიმართლენი მისნი არა განვიშორნე ჩემგან.
ვიყო მე უბიწო მის თანა, ვეკრძალო მე უშჯულოებისა ჩემისაგან.
მომაგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და სიწმიდითა ჴელთა ჩემთაჲთა წინაშე თუალთა ჩემთა.
წმიდისა თანა წმიდა ვიყო და კაცისა უბიწოჲსა თანა უბიწო ვიყო.
რჩეულისა თანა რჩეულ ვიყო, ხოლო დრკუნი იგი შენ დაამჴუენ.
რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნე, უფალო, და თუალნი ამპარტავანთანი შენ დაამდაბლენ.
რამეთუ შენ აღმინთე სანთელი ჩემი, უფალო და ღმერთო ჩემო, განმინათლე ბნელი ჩემი;
რამეთუ შენ მიერ ვიჴსენ მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴდე ზღუდესა.
ღმერთო ჩემო, უბიწო არიან გზანი შენნი და სიტყუანი უფლისანი რჩეულ არიან, შესავედრებელ არს იგი ყოველთათჳს, რომელნი ესვენ მას.
რამეთუ არავინ არს ღმერთი უფლისა გარეშე და არავინ არს სხუაჲ ღმერთი გარნა ღმრთისა ჩუენისა.
ღმერთი, რომელმან შემმოსა მე ძალი და დასხნა უბიწოდ სლვანი ჩემნი;
განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალსა ზედა დამადგინა მე;
განსწავლნა ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და ყვნა მკლავნი ჩემნი ვითარცა მშჳლდი მტკიცე.
მომეც მე შემწე მაცხოვარებისა შენისაჲ და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე; სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან განმსწავლა მე.
ფართო ყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ფერჴთა ჩემთა, რაჲთა არა მოუძლურდენ ალაგნი ჩემნი.
ვდევნე მტერნი ჩემნი, ვეწიო მათ და არა მოვაქციო მათგან, ვიდრე არა მოვასრულნე იგინი.
ვაჭირო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა.
შთამაცუა მე ძალი ბრძოლასა მათგან; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ყვენ იგინი ჩემ ქუეშე.
მტერნი ჩემნი დევნულ ყვენ და მოჰსრენ მოძულენი ჩემნი.
ღაღადებდეს და არავინ იყო მჴსნელ მათდა, ხადოდეს უფალსა და [არა] ისმინა მათი.
დავაწულილნე იგინი ვითარცა მტუერნი წინაშე ქარსა და ვითარცა თიჴაჲ უბნისაჲ დავათრგუნნე იგინი.
მიჴსნა მე ჴდომასა ერისასა, დამადგინა მე მთავრად წარმართთა ზედა; ერი, რომელ არა ვიცოდე, მემ[ონა] მე.
და მორჩილებითა ყურისაჲთა ისმინეს ჩემი; შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე,
შვილნი უცხოთანი განკფდეს დაძუელებულნი და კელობდეს ალაგთა მათთაგან.
ცხოველ არს უფალი, კურთხეულ არს ღმერთი; ამაღლდა ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისაჲ.
ღმერთი, რომელი ეძიებს შურსა ჩემსა, მან დაამორჩილა ერი ჩემ ქუეშე,
მჴსნელი ჩემი მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა; და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლა მე; და კაცისა უკეთურისაგან მიჴსენ მე.
ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე;
რამეთუ განადიდა ცხორებაჲ მეუფისა თანა ყოფად [წყა]ლობაჲ ცხებულისა მისისა თანა, დავითის თ[ანა] და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.