და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.
და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე, მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებინ?
ანუ არა ესე არსა ხუროსა მის და ძე მარიამისი და ძმა იაკობისი და იოსესი, იუდასი და სიმონისი, და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? -- და დაბრკოლდებოდეს მისა მიმართ.
ხოლო იესო ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.
და არა ქმნა ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.
და დაუკჳრდა ურწმუნოება იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ.
და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.
და ამცნებდა მათ, რაჲთა არა რაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი.
და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი.
და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე.
და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რა-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამინ გეტყჳს თქუენ, უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას საშჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის.
და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ.
და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.
და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ: იოანე ნათლისმცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მის თანა.
და სხუანი იტყოდეს: ელია არს, გინა ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი პირველთა.
ესმა რა ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოანეს, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით.
რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოანე, შებორკილა იგი და შესვა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად.
რამეთუ ეტყოდა იოანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმისცოლი შენი.
ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვა მისი და ვერ ჴელ-ეწიფა.
რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოანესა და იცოდა იგი, რამეთუ მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა.
და ვითარცა იყო დღე მარჯუე, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეასათა,
და შევიდა ასული ჰეროდიასი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მეინაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაცა გნებავს, და მიგცე შენ.
და ეფუცა მას, ვითარმედ: რაცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა.
ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რა ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოანე ნათლისმცემელისა.
და შევიდა ქალი იგი მსწრაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოანე ნათლისმცემელისა.
და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფა ქალისა მის.
და მეყსეულად წარავლინნა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი.
ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.
და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაფლეს საფლავსა.
და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესოსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.
და ჰრქუა მათ იესო: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არღარა პურისა ჭამად აცალებდეს.
და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან.
და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისხმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა.
და გამოვიდა იესო და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათდა ფრიად.
და ვითარ მრავალი ჟამი წარსრულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად.
განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ, რამცა ჭამეს, არა აქუს.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი! -- ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასი დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი.
ხოლო იესო ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ! -- და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი.
და უბრძანა მან დასხდომა მათ ყოველთა პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა.
და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი.
და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეოა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო ყოველთა.
და ჭამეს ყოველთა და განძღეს.
და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით; და თევზისა მისგანცა.
და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი.
და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინაწარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდათ, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი.
და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად.
და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი -- მარტო ქუეყანასა.
და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესო სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანაწარსლვად მათგან.
ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რა ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარ რამე არს, და ღაღად-ყვეს.
რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულპყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!
და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა.
რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ.
და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად.
და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა.
და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ მუნ არს.
და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ, და, რაოდენნი შეეხებოდეს, ცხონდებოდეს.