ხოლო მწუხრი შაბათსა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუა იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის.
და, აჰა, ძრვა იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისა გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გადააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა.
ხოლო იყო ხილვა მისი, ვითარცა ელვა, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.
ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნეს, ვითარცა მკუდარნი.
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ, ვიცი, რამეთუ იესოს ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა, ეძიებთ.
არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი.
და ადრე წარვედით და უთხარით მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და, აჰა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა, ესერა, გარქუ თქუენ.
ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა; მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.
და ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა და, აჰა, იესო შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას.
მაშინ ჰრქუა მათ იესო: ნუ გეშინინ! წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე.
და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა, ესერა, დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთმოძღუართა მათ ყოველი ესე, რაცა იქმნა.
ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ.
და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.
უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწუნოთ, და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ.
ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყვა ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღენდელად დღედმდე.
ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესო.
იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას, ხოლო რომელნი შეორგულდეს.
მოუჴდა მათ იესო, ეტყოდა და ჰრქვა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფება ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.
წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,
და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამინ.