და მერმე მიუგო მათ იესო იგავით და ჰრქუა:
ემსგავსა სასუფეველი ღმრთისა კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისა.
და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.
კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა, ესერა, პური ჩემი მზად-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას!
ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე -- თჳსსა აგარაკსა, რომელიმე -- სავაჭროსა თჳსსა.
ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწჳდნეს.
ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რა ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა.
მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს.
წარვედით მებოძირთა გზათასა და, რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.
და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი, და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.
ხოლო შე-რა-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.
და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხვედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.
მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა! მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა.
რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ -- რჩეულნი.
მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე-უგონ მას.
და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა.
აწ მარქუ ჩუენ, რა გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემა ხარკისა კეისრისა, ანუ არა?
გულისხმა-ყო იესო უკეთურება მათი და ჰრქუა: რასა გამომცდით მე, ორგულნო?
მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისა! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.
ჰრქუა მათ იესო: ვისი არს ხატი ესე, ანუ ზედაწერილი?
ჰრქუეს მას: კეისრისა. მაშინ ჰრქუა მათ იესო: მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა!
და ესმა რა ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომა, ჰკითხეს მას.
და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესვას შვილი, ესიძენ ძმა მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა.
იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი, და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა,
ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე.
ხოლო უკანასკნელ ყოველსა მოკუდა დედაკაციცა იგი.
აწ უკვე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად? რამეთუ ყოველთა ესუა იგი?
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი არცა ძალი ღმრთისაჲ.
რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა.
ხოლო აღდგომისათჳს მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს:
მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი მკუდართა, არამედ -- ცხოველთა.
და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურება იგი მისი.
ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად.
და ჰკითხა ერთმან მათგანმან, შჯულისმოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა:
მოძღუარ, რომელი მცნება უფროს არს შჯულსა შინა?
ხოლო იესო ჰრქუა მას: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
ესე არს დიდი და პირველი მცნება.
და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი შენი.
ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესო
და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს? ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.
ჰრქუა მათ იესო: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს:
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?
უკეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?
და ვერ ვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარა.