მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესოს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინმე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?
და მოუწოდა იესო ყრმასა და დაადგინა შორის მათსა
და ჰრქუა: ამინ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმა ესე, იგი უფროს იყოს სასუფეველსა ცათასა.
და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმა ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს.
და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს მისა დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა.
ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი;
ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური. უკეთუ ჴელი შენი, ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკეუთე იგი და განაგდე შენგან. უმჯობეს არს შენდა შესლვა ცხორებასა მკელობელისა, გინა უჴელოსა, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთავარდე ცეცხლსა მას საუკუნესა.
და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან. უმჯობეს არს შენდა ერთთუალისა შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეენიასა ცეცხლისასა.
ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისისა, რომელ არს ცათა შინა.
რამეთუ მოვიდა ძე კაცისა ცხორებად წარწყმედულისა.
ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შესცთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა ოთხმეოცდაათცხრამეტნი იგი მთათა ზედა, და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი?
და რაჟამს პოოს იგი, ამინ გეტყჳ თქუენ, უფროს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ, რომელ არა შეცთომილ იყვნეს.
ესრეთ არა არს ნება მამისა თქუენისა ზეცათასა, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი.
ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმა იგი შენი;
ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი, ანუ ორი სხუა, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუა.
ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი.
ამინ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და, რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.
კუალად ამინ გეტყჳ თქუენ: უკეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათასა.
რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა.
მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდგზისამდეა?
ჰრქუა მას იესო: არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე, არამედ ვიდრე სამეოცდაათ შჳდგზის.
ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳს განგება მონათა თჳსთა თანა.
და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ტალანტისა.
და ვითარ არარა აქუნდა მას, რაჲთამცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდა ცოლისა მისისა და შვილთა მისთა, და რაცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი.
დავარდა უკუე მონა იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ.
შეეწყალა უფალსა მისსა მონა იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას.
და ვითარცა გამოვიდა მიერ მონა იგი, პოვა ერთი მის თანამონა, რომელსა თანაედვა მისი ასი დრაჰკანი, შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაცა-იგი თანაგაც.
შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი, და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ.
ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი.
ხოლო იხილეს რა მის თანამონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაცა იქმნა.
მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.
არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ თანამონა იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?
და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები მისი.
ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი.