და იყო რაჟამს დაასრულნა იესო ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა.
ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მოავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი.
და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხვასა მოველოდით?
ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ.
ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების.
და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესო სიტყვად ერსა მას იოვანესთჳ: რასა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
არამედ რასა გამოხუედით ხილვად? -- კაცისა ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? -- აჰა, ესერა, რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან.
არამედ რასა გამოხუედით ხილვად? -- წინაწარმეტყუელისა? -- ჰე, -- გეტყჳ თქუენ, -- და უმეტეს წინაწარმეტყველისა.
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა, ესერა, წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათა უფროს იოვანეს ნათლისმცემლისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროს მისა არს.
რამეთუ დღითგან იოანე ნათლისმცემელისათ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათა იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი.
რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოანესამდე წინაწარმეტყუელებდეს,
და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა.
და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა იტყებდით.
რამეთუ მოვიდა იოანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.
მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა, კაცი მჭამელი და ღჳნისმსმელი, მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთა. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა.
მაშინ იწყო იესო ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:
ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.
ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნენ შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღედმდე.
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანა ეგე სოდომისა უმოლხინეს იყოს დღესა მას საშჯელისასა, ვიდრე შენ.
მას ჟამსა შინა იტყოდა იესო და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა, და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა.
ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო იყო შენ წინაშე.
ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამა ვინ იცის, გარნა ძემან; რომლისა უნდეს ძესა გამოცხადების.
მოვედით ჩემდა, ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქვენ.
აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსვენება სულთა თქუენთა.
რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.