და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფება სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.
ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმა მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმა მისი.
ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს.
სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.
ესე ათორმეტნი წარავლინნა იესო, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხვალთ,
არამედ მივედით უფროს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
და მი-რა-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათა.
უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდით.
ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა,
ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კუერთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ, ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვამდე.
და შე-რა-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობა სახლსა ამას!
და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობა თქუენი მას ზედა; უკეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობა თქუენი თქუენდავე მოიქეცინ.
და უკეთუ არა ვინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რა-ხჳდოდით მიერ სახლით, გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთა.
ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანა იგი სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალიქი იგი.
აჰა, მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.
და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.
რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისა, რომელი იტყოდის თქუენ შორის.
რამეთუ მისცეს ძმამან ძმა სიკუდილად და მამამან -- შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
და იყვნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.
რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად, ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისა, ვიდრემდის ძე კაცისა მოვიდეს
არა არს მოწაფე უფროს მოძღუარისა თჳსისა, არცა მონა უფროს უფლისაჲ თჳსისა.
კმა არს მოწაფისა მის, უკეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონა იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროს სახლეულთა მისთა?
ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლო, რომელი არა გამოცხადნეს.
რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა.
და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად, არამედ გეშინოდენ მისა უფროს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.
ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.
ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან.
ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ.
ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა. არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.
რამეთუ მოვედ განყოფაღ კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული -- დედისაგან თჳსისა და სძალი -- დედამთილისაგან თჳსისა.
და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.
რომელსა უყუარდეს მამა, ანუ დედა უფროს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე, ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.
და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.
რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
რომელმან შეიწყნაროს წინაწარმეტყუელი სახელად წინაწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაწარმეტყუელისა მიიღოს. და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს.
და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა; ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.