და გარდამოვიდოდა რა იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი.
და, აჰა, ეგერა, კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედა ჩემი.
და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განიწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვანებისა მისგან.
და ჰრქუა მას იესო: იხილე, ნუ ვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა, მოსე საწამებელად მათა.
და შე-რა-ვიდა იგი კაპერნაუმად, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრვბოდა მას,
და ეტყოდა: უფალო, მონა ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ფრიად იგუემების.
ჰრქუა მას იესო: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ, არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ და განიკურნოს მონა იგი ჩემი,
რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვრქჳ ამას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! -- და ქმნის.
ესმა რა ესე იესოს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესეოდენი სარწმუნოება ვპოე.
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა.
ხოლო ძენი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყო ტირილი და ღრჭენა კბილთა.
და ჰრქუა იესო ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონა იგი მისი მას ჟამსა შინა.
და მოვიდა იესო სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი დავრდომილი მჴურვალებითა.
და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას.
და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნნა.
რაჲთა აღესრულოს თქმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისა, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა.
ვითარცა იხილა იესო ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვა მიერ კერძო.
და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.
ჰრქუა მას იესო: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
ხოლო იესო ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა.
და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.
და, აჰა, ესერა, აღძრვა იყო დიდი ზღვასა შინა ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა.
და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი, და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით.
და თავადმან ჰრქუა მათ: რასა შეშინდით, მცირედმორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღვასა, და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდი.
ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღვა ერჩიან მას?
და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წიაღსლვა მიერ გზით.
და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შვნი, იესო, ძეო ღმრთისაო? მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა.
იყო შორს მათგან კოლტი ღორთა მძოვარი.
ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა.
და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა ყოველმან კოლტმან ღორთამან კბოდესა ამას ზღჳსასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა.
ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს.
მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესოსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.