ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,
რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
ანუ რასა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?
ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და, აჰა, ეგერა, დჳრე თუალსა შინა შენსა!
ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.
ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.
რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს მოიღოს; და რომელი ეძიებდეს -- პოვოს, და რომელი ირეკდეს - განეღოს.
ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვა მისცესა მას?
გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?
უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროსღა მამამან თქუემან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!
ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს შჯული და წინაწარმეტყუელნი.
შევედით იწროსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა.
ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირენი არიან, რომელნი ჰპოებენ მას.
ეკრძალენით ცრუწინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.
ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროსთავთაგან ლეღჳ?
ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის.
ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად.
ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
ნაყოფთა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი.
არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნება მამისა ჩემისა ზეცათასა.
მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?
მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა.
და გარდამოჴდა წჳმა, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.
და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა.
და გარდამოჴდა წჳმა, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემა იგი მისი დიდ ფრიად.
და იყო რაჟამს დაასრულნა იესო სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურება იგი მისი.
რამეთუ იყო სწავლა იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფება აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისვველნი.