ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუს მამისა თქუენისაგან ზეცათასა.
ხოლო რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენა შენი, რაჲსა იქმოდის მარჯუენა შენი.
რაჲთა იყოს ქველისსაქმე შენი ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.
და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა იგი ორგულნი, რამეთუ უყუარან შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომა და ლოცვა, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად, და მამა შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.
და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანნი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლისმეტყველებითა მათითა ისმინოს მათი.
ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან.
ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.
პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს
და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ, თანამდებთა მათ ჩუენთა.
და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ, ამენ.
უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნენ თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან.
ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.
და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტჳ თქვენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
ხოლო შენ რაჟმს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი.
რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად, და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენი ცხადად.
ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.
სანთელი გუამისა არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს.
ხოლო უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენმე?
ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუა იგი შეიყუაროს, ანუ ერთისა მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რა სჭამოთ და რა ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რა შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროს არს საზრდელისა და გუამი -- სამოსლისა?
მიჰხედეთ მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამა თქუენი ზეცათა ზრდის მათ. არამე უფროს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა?
ანუ ვინმე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?
და სამოსლისათჳს რასა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ.
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.
უკეთუ თივა იგი ველისა, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არამე უფროს თქუენა, მცირედმორწუნენო?
ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რა ვჭამოთ, ანუ რა ვსუათ, ანუ რა შევიმოსოთ?
რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რა გიჴმს ამათ ყოველთაგანი.
ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი.