მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა
და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქმულ არს ესაია წინაწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისა უდაბნოსა ზედა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისა წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
მაშინ განვიდოდა მისა იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისა.
და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აუვარებდეს ცოდვათა მათთა.
და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლისღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლა მერმისა მისგან რისხვისა?
ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა,
და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამა გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.
რამეთუ, აწვე, ესერა, ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალო თჳსი, და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.
მაშინ მოვიდა იესო გალილეათ იორდანედ იოანესა ნათლისღებად მისგან.
ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღება და შენ ჩემდა მოხუალა?
მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშვა მას.
და ნათელ-იღო იესო. და მეყსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან, და, აჰა, განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.
და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.