ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალენელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა.
რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ და მოვიდოდეს საფლავად.
რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფჱ წინარბიოდა უადრეს პეტრესა და მოვიდა პირველად საფლავად.
და შთახედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა.
მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი,
და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა, არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.
მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფჱ, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს იგი და ჰრწმენა.
რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ.
წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი.
ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედნა საფლავსა მას.
და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი.
და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? -- ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ: აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს.
ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? -- მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი.
ჰრქუა მას იესუ: მარიამ! -- მიიხილა მან გარე და ჰრქუა მას ებრაელებრ: რაბბუნი! ( -- რომელსა ჰრქჳან მოძღუარ) -- და მირბიოდა შემთხუევად მისა.
ჰრქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა, წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.
მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.
და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი.
ჰრქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.
და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ!
უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ.
უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩუენ უფალი. -- ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამშჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს.
და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.
მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
ჰრქუა მას იესუ, რამეთუ: მიხილე და გრწამს: ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.
მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას.
ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.