ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ:
იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი.
ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: წარვიდე სათხევლობად. -- ჰრქუეს მას: მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა. -- განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს.
და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს.
ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა? -- მიუგეს და ჰრქუეს მას: არა.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე ეგე მარჯუენით კერძო ნავისა მაგის და ჰპოოთ. -- ხოლო მათ სდვეს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა.
ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: უფალი არს. -- ხოლო სიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად.
ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა.
და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარჱ და თევზი მას ზედა და პური.
ჰრქუა მათ იესუ: მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელ იპყართ.
აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელი იყო ასერგასისდასამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი.
ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და ისადილენით! -- და არავინ იკადრა მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? -- იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს.
მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე.
ესე სამგზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკიდრეთით.
და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? -- ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. -- ჰრქუა მას იესუ: აძოვენ კრავნი ჩემნი!
ჰრქუა მათ მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? -- ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. -- ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი!
კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? -- შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მეა? -- და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. -- ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი!
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.
ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე!
მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფჱ იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა, და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?
ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ!
და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფჱ იგი არა მოკუდეს. -- და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?
ესე არს მოწაფჱ იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.