იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა.
ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო.
მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს.
ხოლო ვითარცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინჱ, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან.
უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე.
ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე.
მერმე, ამისა შემდგომად, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად.
ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?
ჰრქუა მას იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს.
და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა.
ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი.
ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს.
ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა.
მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა.
და მე მიხარის თქუენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალეთ, მივიდეთ მისა.
ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვწყდეთ ჩუენცა მის თანა.
და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა.
ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევან.
და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს.
ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა.
ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი,
არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან.
ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი.
ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.
ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე.
და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე?
ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.
და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და ჰრქუა მას: მოძღუარი მოსრულ არს და გიწესს შენ.
ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა.
რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არამედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა.
ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევდეს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილად მისა.
ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.
ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით,
და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? -- ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე!
და ცრემლოოდა იესუცა.
იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა, ვითარ სამე უყუარდა იგი!
ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელმან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?
ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედაედვა მას.
ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე! -- ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს.
ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?
აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი,
და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღად-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!
და გამოვიდა მკუდარი იგი, შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის!
მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსრულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელი-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.
ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს და უთხრეს ფარისეველთა მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.
და შეკრიბეს მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲმე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?
უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდეს ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა.
ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთმოძღუარი მის წელიწდისაჲ, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი,
არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს.
ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთმოძღუარი იყო მის წელიწდისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს,
და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.
მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაჲთა მოკლან იგი.
ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა, მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ეფრაიმ, და მუნ დაადგრა მოწფითურთ თჳსით.
ხოლო იყო მახლობელ პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდეს მრავალნი იერუსალჱმდ სოფლებისაგან უწინარეს მის პასექისა, რაჲთა განიწმიდნენ თავნი თჳსნი.
ხოლო ჰურიანი ეძიებდეს იესუს და იტყოდეს ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არამე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?
რამეთუ მიეცა მცნებაჲ მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა, რაჲთა, უკუეთუ ვინმე უწყოდის, სადა არს, აუწყოს მათ, რაჲთა შეიპყრან იგი.