და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.
და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე-ყოფად.
და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ.
ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთმოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა.
ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.
ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეაჲთ არს კაცი ესე?
და გულისჴმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს, მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალჱმს მათ დღეთა შინა.
ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაჲ მრავლით ჟამითგან ამისთჳს, რამეთუ ესმოდა მისთჳს და სწადოდა ხილვად რაჲსამე სასწაულისა ყოფასა მისგან.
და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაჲ მიუგო მას.
დგეს მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას.
ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღუანეს პილატეს.
და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი.
ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთმოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას
და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე, ვითარცა გარდამაქცეველი ერისაჲ, და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოვე ბრალი კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენდით მას.
და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და, აჰა, არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ საქმჱ არს მის თანა.
ვსწავლო იგი და განუტევო.
რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი.
ღაღად-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მოგჳტევე ჩუენ ბარაბა,
რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეგდებულ იყო საპყრობილესა.
კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევებაჲ იესუჲსი.
ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!
ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს ამას? არარაჲ ბრალი სიკუდილისაჲ ვპოე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტევო.
ხოლო იგინი ზედადაესხმოდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად. და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთმოძღუართანი.
მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა
და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი-იგი შფოთისათჳს და კაცის-კლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, რომელსაცა ითხოვდეს, ხოლო იესუ მისცა ნებასა მათსა.
და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდვეს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესუჲსა.
და შეუდგა მას სიმრავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.
მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა.
რამეთუ, აჰა, ესერა, მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს.
მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! -- და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ!
რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲმე ეყოს?
მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრისმოქმედნი მოკლვად მის თანა.
და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრისმოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს.
ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. -- ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი.
და დგა ერი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტჱ, რჩეული ღმრთისაჲ.
ემღერდეს მას ერისკაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან
და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფჱ ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი!
ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ.
ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრისმოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტჱ, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა!
მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე საშჯელსა შინა ხარ?
და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა.
და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.
და იყო ჟამი მეექუსჱ, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
და დაბნელდა მზჱ, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის შორის.
და ჴმა-ყო დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. -- და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული.
და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.
და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს.
და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით; და დედანი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას.
და, აჰა, ესერა, კაცი, სახელით იოსებ, მზრახვალი, იყო კაცი სახიერი და მართალი;
ესე არა თანაშერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. იყო იგი არიმათიაჲთ, ქალაქისაგან ჰურიათაჲსა, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა.
ესე მივიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იგი იესუჲსი,
და გარდამოჰჴსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი საფლავსა გამოკუეთილსა კლდისაგან, სადა არა ვინ დადებულ იყო.
და დღჱ იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენდებოდა.
შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს გალილეაჲთ, და იხილეს საფლავი და ვითარ დასდებდეს გუამსა მისსა.
და წარვიდეს და მოჰმზადეს საკუმეველი სულნელი და ნელსაცხებელი და შაბათი იგი და-ღა-იდუმეს მცნებისა მისთჳს.