ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდალენელი მოვიდა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა.
რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ და მოვიდოდეს საფლავად.
რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო ერთი იგი მოწაფჱ წინარბიოდა უადრეს პეტრესა და მოვიდა პირველად საფლავად.
და შთაჰხედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი მდებარენი და შინა არა შევიდა.
მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი,
და სუდარი იგი, რომელ იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.
მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფჱ, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა.
რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ.
წარვიდეს კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი.
ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთაჰხედა საფლავსა მას
და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი.
და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ: აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარჱ და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს.
ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? -- მას ეგონა, ვითარმედ მემტილჱ იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, რაჲთა მე წარმოვიღო იგი.
ჰრქუა მას იესუ: მარიამ! -- მიიხილა მან გარე და ჰრქუა მას ებრაელებრ: რაბი! (რომელსა ჰრქჳან მოძღუარ) -- და მირბიოდა შემთხუევად მისა.
ჰრქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.
მოვიდა მარიამ მაგდალჱნელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრჱთ ჰრქუა მას.
და ვითარცა შემწუხრდა დღჱ იგი ერთშაბათთაჲ მათ, და კარნი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი დამალულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ, დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი მისნი და გუერდი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი.
ჰრქუა მათ იესუ მერმე: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.
და ვითარცა ესე თქუა, შთაჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.
უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ.
უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩუენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახჱ იგი სამშჭუალთაჲ და დავასხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამშჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს.
და შემდგომად რვისა დღისა კუალად შეკრებულ იყვნეს მოწაფენი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა დაჴშულთა, დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და დამდევ ჴელი შენი გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.
მიუგო თომა და ჰრქუა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
ჰრუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამ; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.
მრავალნი სასწაულნი სხუანიცა ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელ არა წერილ არიან წიგნსა ამას.
ხოლო ესე წერილ არს, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.