მაშინ მიიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი.
და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას.
და მოვიდიან მისა და ეტყჳედ: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! -- და სცემდეს მას ყურიმალსა.
გამოვიდა კუალად პილატე გარე და ჰრქუა მათ: აჰა, გამოვიყვანო იგი თქუენდა გარე, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოვე.
გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა გჳრგჳნი და ძოწეული სამოსელი, და ჰრქუა მათ პილატე: აჰა, კაცი იგი!
და ვითარცა იხილეს კაცი იგი მღდელთ-მოძღუართა და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არას ვჰპოვებ.
მიუგეს მას ჰურიათა და ჰრქუეს: ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.
ოდეს ესმნეს პილატეს სიტყუანი ესე, უფროჲს შეეშინა.
და შევიდა კუალად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას.
ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? არა იცია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?
ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთ, უკუეთუმცა არა იყო შენდა მოცემულ ზეგარდამო. ამისთჳს მიმცემელსა მას ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს.
ამის გამო უნდა პილატეს განტევებაჲ მისი, ხოლო ჰურიანი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ესე განუტევო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა.
ხოლო პილატეს რაჲ ესმნეს სიტყუანი ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ -- კაპპათა.
და იყო პარასკევი პასქაჲსაჲ: ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. და ჰრქუა ჰურიათა მათ: აჰა, მეუფჱ თქუენი!
ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე ეგე და ჯუარს-აცუ! ჰრქუა მათ პილატე: მეუფჱ თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩუენ მეუფჱ, გარნა კეისარი.
მაშინ მისცა იგი მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან, და წარიყვანეს.
და ეკიდა მას თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ გოლგოთა,
სადა-იგი ჯუარს-აცუეს, და მის თანა სხუანი ორნი -- იმიერ და ამიერ, და შორის იესუ.
და დაწერა ფიცარი პილატე და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ.
ესე ფიცარი მრავალთა აღმოიკითხეს ჰურიათა, რამეთუ მახლობელ იყო ადგილი იგი ქალაქსა, სადა-იგი ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ, ჰრომაელებრ და ბერძლ.
ეტყოდეს პილატეს მღდელთ-მოძღუარნი ჰურიათანი: ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ მან თქუა: მეუფჱ ვარ ჰურიათაჲ.
ჰრქუა მათ პილატე: რომელი დავწერე, დავწერე.
ხოლო ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულად ერისაგანმან ნაწილი, და კუართი იგი. ხოლო იყო კუართი იგი უკერველ, ზჱთ მოქსოვილ ყოვლად.
და თქუეს ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილს-ვიგდოთ ამას ზედა, ვისიცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.
ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდალჱნელი.
ხოლო იესუ, ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფჱ იგი წინაშე მდგომარჱ, რომელი უყუარდა, ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა, ძჱ შენი!
და მერმე ჰრქუა მოწაფესა მას: აჰა, დედაჲ შენი! -- მიერ დღითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა.
ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს; რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის.
ჭურჭერი დგა მუნ ძმრითა სავსჱ. და ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მოართუეს პირსა მისსა.
და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღესრულებულ არს. -- და მიიდრიკა თავი და განუტევა სული.
ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღჱ იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა განუტეხნენ წჳვნი მათნი და აღიხუნენ.
მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისაჲ მის განუტეხნეს წჳვნი, და ერთისაჲ ეგრევე, რომელნი ჯუარსცუმულ იყვნეს მის თანა.
ხოლო იესუჲსა მოვიდეს და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი,
არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გამოჴდა სისხლი და წყალი.
და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან იცის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.
რამეთუ იყო ესე, რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუსროს.
და სხუაჲ წიგნი იტყჳს: იხილონ, რომელსაცა უგუმირეს.
ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო არიმათიაჲთ, რომელი იყო მოწაფე იესუჲსა, ფარულად შიშისათჳს ჰურიათაჲსა, რაჲთა აღიღოს გუამი იესუჲსი. და უბრძანა მას პილატე. მოვიდეს და აღიღეს გუამი იგი მისი.
მოვიდა ნიკოდემოსცა, რომელ-იგი მოვიდა იესუჲსა ღამჱ პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ, ვითარ ასი ლიტრაჲ.
და მოიღეს გუამი იესუჲსი და შეგრაგნეს იგი ტილოებითა, არდაგებითა სულნელთა მათ თანა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ ჰურიათაჲ დაფლვასა.
იყო ადგილდა მას, სადა ჯუარს-ეცუა, მტილი, და მტილსა მას შინა საფლავი ახალი, სადა არავინ დადებულ იყო.
მუნ დადვეს გუამი იგი იესუჲსი პარასკევისათჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ მახლობელ იყო საფლავი იგი.