ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ.
ვითარცა-ესე მოეც ამას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც ამას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ, მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი, და რომელი მოავლინე იესუ ქრისტჱ.
მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა და საქმჱ შენი აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.
და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა მე წინაშე შენსა უწინარეს ყოფისა ჩემისა სოფელსა ამას.
გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მომცენ იგინი, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს.
აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, მივეც მათ, შენგანნი არიან.
რამეთუ სიტყუანი შენნი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და ამათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე.
მე მათთჳს გევედრები; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.
და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შოვრის.
და არღარა ვარ სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ.
ოდეს ვიყავ მათ თანა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა. რომელნი მომცენ მე, დავიცვენ და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძჱ იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს.
ხოლო მე აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით.
მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისაგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგანი,
არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან.
სოფლისაგან არა არიან, ვითარცა მე სოფლისაგან არა ვარ.
წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ არს.
ვითარცა მე მომავლინე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად.
და მათთჳს მე წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა.
და არა მათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ.
რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდა, და მე -- შენდა, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
და დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ, ერთ ვართ.
მე მათ შორის, და შენ -- ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა შენ მე შემიყუარე.
მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა, რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.
მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
და მე ვაუწყე მათ სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარული შენი, რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე -- მათ თანა.