და უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს იგი ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი ამას სოფელსა და სრულიად შეიყუარნა იგინი.
და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონის ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი.
იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.
აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.
და მერმე მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო დაბანად ფერჴთა მოწაფეთა მათ თჳსთა და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი ემოსა.
და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელსა-ესე მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.
ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე ფერჴნი შენნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა.
ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი.
ჰრქუა მას იესუ: განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო ბანად, რამეთუ არს იგი ყოვლად წმიდა, ხოლო თქუენ წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი.
რამეთუ იცოდა მიმცემელი მისი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ.
და ოდეს დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მაშინ მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: უწყითა, რაჲ-ესე ვყავ თქუენდა მიმართ?
თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ მე ვარ.
უკუეთუ მე დაგბანნე ფერჴნი თქუენნი, უფალმან და მოძღუარმან, და თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა.
რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ: ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრევე თქუენცა ჰყოფდით.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მიმავლინებელისა თჳსისა.
უკუეთუ ესე იცოდით, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ მას.
არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ ამას, რამეთუ მე ვიცი, რომელნი გამოვირჩიენ, არამედ რაჲთა წერილნი აღესრულნენ: რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი.
ხოლო ამიერითგან გეტყჳ თქუენ ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს, რამეთუ მე ვარ.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მან მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა თჳსითა და წამა და თქუა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.
იხედვიდეს ურთიერთას მოწაფენი და ვერ იცოდეს, ვისთჳს იტყოდა.
და იყო ერთი მიყრდნობილ მოწაფეთა მისთაგანი წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელ-იგი უყუარდა იესუს.
წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს?
მიეყრდნა იგი მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს?
მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დაუწო პური და მივსცე, იგი არს. -- და დააწო პური და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა.
და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის, შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე.
ესე არავინ ცნა ინაჴითმჯდომარეთაგანმან იესუჲს თანა, რაჲსათჳს ჰრქუა მას.
რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს, რამეთუ გუადრუცი იგი იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესუ: იყიდე, რაჲ გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ გლახაკთა რაჲ მიცემად.
ხოლო მან მიიღო პური იგი და განვიდა მეყსეულად. და იყო ღამჱ.
და რაჟამს განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძჱ კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა.
და უკუეთუ ღმერთი იდიდა მის თანა, ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა და მეყსეულად ადიდოს იგი.
შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ. მეძიებდეთ მე და, ვითარცა ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად; და აწ თქუენ გეტყჳ.
მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას.
ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას.
ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ აწ ვერ ძალ-გიც მოსლვად, ხოლო მერმე მომდევდე მე.
ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთჳს დავდვა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სული შენი ჩემთჳს დასდვაა? ამენ, ამენ გეტყჳ შენ: არღარა ეყივნოს ქათამსა, ვიდრემდე უვარ-მყო მე სამგზის.