ხოლო იესუ უწინარეს ექუსისა დღისა მის ვნებისა მოვიდა ბეთანიად, სადა იყო ლაზარე მომკუდარ, რომელ-იგი აღადგინა იესუ მკუდრეთით.
დაუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, და ლაზარე იყო ერთი მის თანა მეინაჴეთაგანი.
ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავლისა სასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, ხოლო სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა.
თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა გულს-ედვა მიცემაჲ მისი:
რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განიყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?
ხოლო ესე მისთჳს თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა მას, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი აქუნდა მას, და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ.
და თქუა იესუ: უტევეთ მაგას, რაჲთა დღედ დასაფლავად ჩემდა დამიმარხოს ეგე.
რამეთუ გლახაკნი ოდესვე თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
გულისხმა-ყო ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესუ მუნ არს, და მოვიდეს არა იესუჲსთჳს ხოლო, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელ-იგი აღადგინა მკუდრეთით.
ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ ზრახვა-ყვეს, რაჲთა ლაზარეცა მოკლან.
რამეთუ მრავალნი ჰურიათაგანნი მოვიდოდეს და ჰრწმენა მათ იესუჲსი.
ხვალისაგან ერი იგი მრავალი რომელი მოსრულ იყო დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ,
და მოიღეს რტოჲ დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, და ღაღადებდეს და იტყოდეს: ჵსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა და მეუფჱ ისრაჱლისაჲ!
და პოვა იესუ ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს:
ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა, ესერა, მეუფჱ შენი მოვალს და ზეზის იგი კიცუსა ვირსა.
ესე არა იცოდეს მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდესცა იდიდა იესუ, მოეჴსენა, რამეთუ ესე წერილ იყო მისთჳს, და ესე უყვეს მას.
და ერი იგი, რომელ იყო მის თანა, ეწამებოდეს მას, რამეთუ ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით.
ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა.
ხოლო ფარისეველთა მათ ჰრქუეს მათ: ჰხედავთა, რამეთუ არას ირგებთ? აჰა, ესერა, ყოველი სოფელი მივიდა შედგომად მისა.
იყვნეს ვინმე წარმართნიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასაწაულსა მას.
ესენი მოუჴდეს ფილიპეს, რომელი იყო ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსაჲთ, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ.
მოვიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი მოიღოს.
რომელსა უყუარდეს თავი თჳსი, განუტევოს იგი; და რომელსა სძულდეს თავი თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი.
უკუეთუ ვინმე მე მსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.
აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს, და რაჲმე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ამის ჟამისაგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას.
მამაო, ადიდე სახელი შენი. მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: გადიდე და კუალად გადიდო.
ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს.
აწ საშჯელი არს სოფლისაჲ ამის, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ გარდამოვარდეს ქუე.
და მე ოდეს აღვმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა.
ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილი.
მიუგო მას ერმან მან: და ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტჱ უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ?
ჰრქუა მათ იესუ: მცირედღა ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუს, რაჲთა არა ბნელი გეწიოს თქუენ: რომელი ვალნ ბნელსა, არა იცინ, ვიდრე ვალნ.
ვიდრემდე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათლისაჲ, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. -- ამას იტყოდა იესუ და წარვიდა და დაემალა მათგან.
და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ.
რაჲთა სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ აღესრულოს, რომელსა იტყჳს: უფალო, ვისმე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისა ვის გამოეცხადა?
ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია:
დაუბრმეს თუალნი მათნი, დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა და არცა გულისხმა-ყონ გულითა, და მოიქცენ და მე განვკურნნე იგინი.
ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს.
ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ.
რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ!
ხოლო იესუ ღაღად-ყო და თქუა: რომელსა მე ვჰრწმენე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი.
და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი.
მე -- ნათელი -- სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს.
და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა დაიმარხნეს, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ დაშჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი.
ხოლო რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი; სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა.
რამეთუ მე თავით თჳსით არა ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი.
და ვიცი, რამეთუ მცნებაჲ მისი ცხორება საუკუნე არს. და რომელსა მე ვიტყჳ, ვითარცა-იგი მამამან მრქუა მე, ეგრეთცა ვიტყჳ.