იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა.
ესე იგი იყო მარიამ, რომელმან ნელსაცხებელი სცხო უფალსა და თმითა თჳსითა წარჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო.
მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარდა შენ, სნეულ არს.
ვითარცა ესმა იესუს, თქუა: ესე უძლურებაჲ არა არს სასიკუდინჱ, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მისგან.
უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე.
ვითარცა ესმა იესუს, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე.
ამისა შემდგომად ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალე, კუალად წარვიდეთ ჰურიასტანად.
ჰრქუეს მას მოწაფეთა: რაბი, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?
ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღესა, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ჰხედავს.
და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა.
ესე რაჲ თქუა, ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი.
ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხოვნდეს.
ხოლო იესუ თქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა.
მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა.
და მე მიხარის თქუენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა მუნ ვიყავ. არამედ მოგუალეთ და მივიდეთ მისა.
ჰრქუა თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათაგან მოწაფეთა: გუალე, მივიდეთ ჩუენცა, რაჲთა მოვწყდეთ მის თანა.
და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღჱ აქუნდა საფლავსა შინა.
ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევან.
და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს.
ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა.
ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.
და აწცა უწყი: რაჲცა სთხოვო შენ ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან.
ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი.
ჰრქუა მას მართა: ვიცი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.
ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე.
და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე, გრწამსა ესე?
ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრწმენა, რამეთუ შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ, სოფლად მოსრული.
და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და ჰრქუა მას: მოძღუარი მოსრულ არს და გიწესს შენ.
ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა.
რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არამედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა.
ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევდეს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს იგი ტირიდ მისა.
ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, და ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა თანა მისთა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მოკუდა ძმაჲ იგი ჩემი.
ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნიცა იგი ჰურიანი ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით
და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: უფალო, მოვედ და იხილე.
და ცრემლოოდა იესუ.
იტყოდეს ჰურიანი იგი: აჰა, ვითარ სამე უყუარდა იგი!
ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამემცა ეძლოა ამას, რომელმან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲსამე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?
ხოლო იესუ კუალად, რეცა თუ რისხვით თავსა შინა, მოვიდა საფლავად. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას.
ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე, ჰრქუა მას დამან მის მკუდრისამან, მართა: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხჱ დღჱ არს.
ჰრქუა მას იესუ: არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?
აღიღეს ლოდი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი.
და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღად-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!
და გამოვიდა მკუდარი იგი, შეკრული ჴელითა და ფერჴითა და სახუეველითა, და პირი მისი სუდარითა დაბურვილ იყო. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.
მრავალთა ჰურიათაგანთა, რომელნი მოსრულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს რომელ-იგი ქმნა, და ჰრწმენა მისი.
ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს ფარისეველთა და უთხრეს მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.
და შეკრიბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲმე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალთა სასწაულთა იქმს?
უკუეთუ დაუტევოთ იგი ესრჱთ, ყოველთა ჰრწმენეს მისი, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა,
ერთმან მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ: თქუენ არარაჲ იცით არცა ერთ.
არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს.
ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელებით თქუა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავისათჳს.
და არა ხოლო ნათესავისათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.
მიერითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაჲთა მოკლან იგი.
ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა, მახლობელად უდაბნოჲსა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ეფრაჲმ, და მუნ დაადგრა მოწაფეთა მისთა თანა.
იყო მახლობელ პასექი, დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, და აღვიდეს მრავალნი იერუსალჱმდ სოფლებისაგან უწინარეს მის პასექისა, რომელსა ჰრქჳან ვნებაჲ, რაჲთა განიწმიდნენ თავნი თჳსნი.
ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს იესუს და იტყოდეს ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არამე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?
რამეთუ მიეცა მცნებაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა, რაჲთა უკუეთუ ვინმე იცოდის, სადა არს, აუწყოს მათ და შეიპყრან იგი.