ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.
ხოლო რომელი შევალნ კარით, იგი მწყემსი არნ ცხოვართაჲ.
ამას მეკარემან განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და გამოიყვანნის იგინი.
და ოდეს ყოველნი თჳსნი იგი განიყვანნეს, წინაშე მათსა ვიდოდის, და ცხოვარნი იგი შეუდგენ მას, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.
ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ.
ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, ხოლო მათ ვერ გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ.
ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე ვარ კარი ცხოვართაჲ.
ყოველნი, რომელნი პირველ ჩემსა მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა,
მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; და შევიდეს, და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.
ხოლო მპარავი არა მოვიდეს, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტჱსი აქუნდეს.
მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართა თჳსთათჳს.
ხოლო სასყიდლით დადგინებულმან, რომელი არა არნ მწყემს, რომლისანი არა თჳსნი არიედ ცხოვარნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის.
რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ შჭირნ ცხოვართათჳს.
მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.
ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.
და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსანი, იგინიცა ჯერ-არიან ჩემდა მოყვანებად, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
ამისთჳს მამასა უყუარ მე, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი.
არავინ მომიღოს მე იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა. ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისაგან ჩემისა.
და იყო კუალად განწვალებაჲ ჰურიათა შორის ამის სიტყჳსათჳს.
და იტყოდეს მრავალნი მათგანნი: ეშმაკეულ არს და ცბის. რაჲსა ისმენთ მისსა?
და სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა არიან ეშმაკეულისანი. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფების ბრმისა თუალთა აღხილვად?
და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს; ზამთარი იყო.
და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისასა.
გარემოადგეს მას ჰურიანი და ეტყოდეს: ვიდრემდე სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტჱ, გჳთხარ ჩუენ განცხადებულად.
მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: გითხარ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა რომელთა მე ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს.
არამედ თქუენ არა გრწამს, რამეთუ არა ხართ ცხოვართაგან ჩემთა.
ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე.
და მე ცხოვრებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწყმდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა.
მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა მე იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არცა ვის ჴელ-ეწიფების მიტაცებად მათა ჴელისაგან მამისა ჩემისა.
მე და მამაჲ ერთ ვართ.
აქუნდა ქვები ჰურიათა მათ, რაჲთამცა ქვაჲ დაჰკრიბეს მას.
მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: მრავალი საქმჱ კეთილი გიჩუენე თქუენ მამისაგან ჩემისა; რომლისა საქმისათჳს მათგანისა ქვასა დამკრებთ მე?
ჰრქუეს მას ჰურიათა: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, რამეთუ შენ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ.
მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არა წერილ არსა შჯულსა, ვითარმედ მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ?
უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნად წერილი,
და რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: გმობს, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე.
უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამს ჩემი.
უკუეთუ ვიქმ, დაღათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაჲთა სცნათ და უწყოდით, რამეთუ ჩემ თანა არს მამაჲ, და მე მამისა თანა.
ეძიებდეს კუალად შეპყრობად მას, და განვიდა ჴელთაგან მათთა.
და წიაღჴდა მიერ იორდანესა, ადგილსა მას, სადა ნათელ-სცემდა იოვანე პირველად, და დაადგრა მუნ.
და მრავალნი მოვიდოდეს მისა და იტყოდეს, ვითარმედ: იოვანე სასწაული არარაჲ ქმნა; ხოლო ყოველი, რომელი თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტ არს.
და მრავალთა ჰრწმენა მისი მუნ.