ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანად, რამეთუ ეძიებდეს ჰურიანი მოკლვად მას.
ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ იყო კარვობისაჲ.
ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა შენ იქმ.
რამეთუ არა ვინ ფარულად რასმე იქმნ და ჰნებავნ, ვითარმცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა.
რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი.
ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო თქუენი ჟამი ოდესვე განმზადებულ არს.
რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ მე ვწამებ მისთჳს, რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ არიან.
თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს.
ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას.
და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ფარულად.
ხოლო ჰურიანი ეძიებდეს დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადამე არს იგი?
და იყო დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის. რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს იგი; და სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა.
და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.
და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესუ ტაძრად და ასწავებდა.
უკჳრდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარ უკუე ამან წიგნი იცის უსწავლელად?
მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლენებელისა ჩემისაჲ.
უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მოძღურებისაჲ მის, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან, ანუ მე თავით ჩემით ვიტყჳ.
რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუვჱ არა არს მის თანა.
ანუ არა მოსე მოგცა თქუენ შჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა მისსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?
მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ერთი საქმჱ ვქმენ და ყოველთა გიკჳრს.
ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ. არა თუ მოსჱსგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან.
უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მიიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს შჯული მოსჱსი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა?
ნუ შჯით თუალთ-ღებით, არამედ მართალი საშჯელი საჯეთ.
იტყოდეს ვისმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა-იგი ეძიებდეს მოკლვად?
და, აჰა, ესერა, განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს ესე მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ?
არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტჱ ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, ვინაჲ არს.
ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით.
ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე.
ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.
და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა იგი და იტყოდეს: ქრისტჱ ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესი სასწაული ქმნეს, რომელი ამან ქმნა?
და ესმა ფარისეველთა მათ ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი.
და თქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ და წარვალ მომავლინებელისა ჩემისა.
მეძიებდეთ და არა მპოვოთ მე; და სადა-იგი მე ვიყო, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად.
იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ვიდრემე ეგულების ამას წარსლვად, და ჩუენ არა ვპოვოთ იგი? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთა ეგულების მისლვად და სწავლად მუნ წარმართთა?
რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს: მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ, და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?
და უკუანაჲსკნელსა მას დღესა დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ.
და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი.
ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოღებად იყო მორწმუნეთა მათ მისამიმართთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ.
მრავალთა ერისაგანთა ისმინეს სიტყუაჲ ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი;
სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტჱ; და სხუანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არს ქრისტჱ?
არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ: თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მიერვე ქრისტჱ მოვიდეს?
და იყო განწვალებაჲ მისთჳს ერსა შორის.
და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა.
მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთ-მოძღუართანი და ფარისეველთანი და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი?
მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრჱთ, ვითარ ესე კაცი.
მიუგეს ფარისეველთა და ჰრქუეს: და თქუენცა უკუე შე-ვე-ცთომილ ხართა?
ნუ მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენა მისი, ანუ ფარისეველთა?
არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის შჯული, წყეულ არიან.
ჰრქუა მათ ნიკოდემოს, რომელ-იგი მოსრულ იყო მისა პირველ, იყო ერთი მათგანი:
ნუუკუე შჯული ჩუენი დაშჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?
მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაჲთ ხარა? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს.
და კაცად-კაცადი წარვიდა სახედ თჳსა.