ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ წიაღ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიაჲსაჲ.
და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა.
და აღვიდა მთასა იესუ და მუნ დაჯდა მოწაფეთა მისთა თანა.
და იყო მახლობელ პასქაჲ, დღესასწაული იგი ჰურიათაჲ.
აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ?
ხოლო ამას იტყოდა და გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად.
ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს.
ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრეა, ძმამან სიმონ-პეტრესმან:
არს ყრმაჲ აქა, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინა?
ჰრქუა მათ იესუ: დასხით კაცები ესე. იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ.
და მოიხუნა პურნი იგი იესუ და ჰმადლობდა და მისცემდა, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენ უნდა მათ.
და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების.
ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათგან პურთა ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს.
ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს, რომელ-იგი ქმნა სასწაული, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად.
ხოლო იესუ გულისხმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად მისა, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ.
და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად
და შევიდეს ნავსა და მივიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაფარნაუმდ. და შე-ოდენ-რიჟუნებოდა, და არღა მოსრულ იყო მათა იესუ.
ხოლო ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა.
და შე-ოდენ-სრულ იყვნეს, ვითარ ოცდახუთ უტევან, გინა ოცდაათ, და იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, და ახლოს იყო ნავსა მას. ხოლო მათ შეეშინა.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ვარ, ნუ გეშინინ!
და უნდა მათ, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს.
ხვალისაგან ერი იგი, რომელ დგა წიაღ ზღუასა მას, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი იგი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას, არამედ მოწაფენი ხოლო მისნი შევიდეს.
მოვიდეს სხუანიცა ნავნი ტიბერიაჲთ მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი ჭამეს პური, რომელ აკურთხა უფალმან და ჰმადლობდა.
ოდეს-იგი იხილა ერმან მან, ვითარმედ იესუ არა მუნ არს, არცა მოწაფენი მისნი, მოადგინეს მათ ნავები და მოვიდეს კაფარნაუმდ და ეძიებდეს იესუს.
და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოხუედ აქა?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მეძიებთ მე, არა თუ რაჲთა იხილნეთ სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით.
იქმოდეთ ნუ საზრდელსა, წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან.
ჰრქუეს მათ: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა.
და მათ ჰრქუეს: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ?
მამანი ჩუენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა, ვითარცა წერილ არს: პური ზეცით მოსცა მათ ჭამად.
ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით.
რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხოვრებაჲ სოფელსა.
ჰრქუეს მას: უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე.
ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხოვრებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა ჰშიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის.
არამედ გარქუ თქუენ: მიხილეთ მე და არა გრწამს.
ყოველი რომელი მომცეს მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.
რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ.
რამეთუ ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ, რაჲთა ყოველი, რომელი მომცეს მე, არა წარწვყმიდო მათგანი, არამედ აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.
რამეთუ ესე არს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ, რაჲთა რომელი ჰხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს იგი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.
დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური, რომელი ზეცით გარდამოვჴედ.
და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძჱ იოსებისი, რომელისა მამაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნუ სდრტჳნავთ ურთიერთას.
ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მომავლინებელმან ჩემმან მამამან მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა დღესა.
წერილ არს წინაწარმეტყუელთა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღმრთით სწავლულ, ყოველსა რომელსა ესმა მამისაგან და ისწავა, მოვიდეს ჩემდა.
არა თუ მამაჲ ვისმე უხილავს, გარნა რომელი იყო ღმრთისა თანა, ამან იხილა მამაჲ.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ.
მე ვარ პური ცხორებისაჲ.
მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა ზედა და მოწყდეს.
ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა, რაჲთა, უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს.
მე ვარ პური ცხორებისაჲ. რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამოს ამის პურისაგანი, ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელი მე მივსცე ცხორებისათჳს სოფლისა.
ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარმე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი საჭმლად?
ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავისა თქუენისაჲ.
ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და ჰსუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა დღესა.
რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს.
და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და ჰსუმიდეს სისხლსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა.
ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა მიერ; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხოვნდეს ჩემ მიერ.
რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ იგი და მოწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხოვნდეს უკუნისამდე.
ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაფარნაუმს.
მრავალთა მოწაფეთა მისთაგანთა რომელთა ესმა ესე, იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე. ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა?
იცოდა იესუ სულითა თჳსითა, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისთჳს; ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებს თქუენა?
უკუეთუ იხილოთ ძჱ კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?
სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად საჴმარ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყოდე თქუენ, სულ არიან და ცხორება.
არამედ არიან ვინმე თქუენთაგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, რომელნი არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, და ვინ არს მიმცემელი მისი.
და ეტყოდა: ამისთჳს გარქუ თქუენ, ვითარმედ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მისა მოცემულ მამისაგან ჩემისა.
ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა მის თანა ვიდოდეს.
ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?
მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ? სიტყუაჲ ცხოვრებისა საუკუნოჲსაჲ გაქუს შენ.
და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არამე ათორმეტნი თქუენ გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს.
ხოლო იტყოდა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა, რამეთუ ამას ეგულებოდა მიცემაჲ მისი, რომელ ერთი იყო ათორმეტთაგანი.