ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ.
და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ჰებრაელებრ ბეთესდა, ხუთ სტოვა იყო.
და მას შინა ისხა სიმრავლჱ უძლურთაჲ, ბრმები, მკელობელები, განჴმელები, რომელნი ელიედ წყლისა მის აღძვრასა.
რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოჴდის საბანელსა მას და შეძრის წყალი იგი; და რომელი უწინარეს შთავიდის წყლისა მის ამრღუევასა, განიკუნის ყოველთაგან უძლურებათა.
იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოცდაათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა.
ესე იხილა იესუ მდებარე და გულისხმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა, და ჰრქუა მას: გნებავსა, რაჲთა განიკურნო?
მიუგო უძლურმან მან: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღირღუეს, შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მივიდოდი, სხუაჲ უწინარჱს ჩემსა შთაჴდის და განიკურნის.
ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!
და განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო დღე იგი შაბათი.
ეტყოდეს მას ჰურიანი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი.
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა, მან მრქუა მე: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე.
ჰკითხვიდეს მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?
ხოლო განკურნებულმან მან არა იცოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას.
ამისა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ.
წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე.
და ამისთჳს სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ.
ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და სწორ-ჰყოფდა თავსა თჳსსა ღმრთისა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ არცა ერთ რას თავით თჳსით, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმჱ, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძჱ ეგრევე მსგავსად იქმს.
რამეთუ მამასა უყუარს ძჱ და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსცა-იგი იქმს, და უფროჲსიღა ამისა უჩუენოს მას საქმჱ, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს.
რამეთუ ვითარ-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს.
არცაღა მამაჲ შჯის არავის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა.
რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან პატივ-სცეს ძესა, მან პატივ-სცეს მამასა, რომელმან მოავლინა იგი.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხოვრებაჲ საუკუნოჲ, და საშჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხოვნდენ.
რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხოვრებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.
და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას საშჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძჱ კაცისაჲ არს.
ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ.
და გამოვიდოდიან კეთილისა მოქმედნი, აღდგებოდიან ცხორებასა საუკუნესა, ხოლო ბოროტისმოქმედნი აღდგომასა საშჯელისასა.
არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვშჯი, და საშჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა.
უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ.
სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, რომელსა წამებს ჩემთჳს.
თქუენ მიავლინეთ იოვანჱსა, და წამა ჭეშმარიტი.
ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო, არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ.
რამეთუ იგი იყო სანთელი აღნთებული საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ ჟამ ერთ სიხარული ნათელსა მისსა.
ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესა, რამეთუ საქმჱ, რომელი მომცა მე მამამან, რაჲთა აღვსრულო იგი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რამეთუ მამამან მომავლინა მე.
და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს. თქუენ არცა ჴმაჲ მისი გესმა სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ.
და სიტყუაჲ მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ, რამეთუ, რომელი-იგი მან მოავლინა, ესე თქუენ არა გრწამს.
გამოიძიეთ წიგნთაგან, რამეთუ თქუენ ჰგონებთ თავთა შინა თქუენთა, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნჱ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს.
და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს.
მე დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო.
არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავისა თქუენისა თანა.
მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარეთ, უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ.
ვითარმე უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ.
უკუეთუმცა გრწმენა მოსჱსი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა.
უკუეთუ წიგნთა მისთაჲ არა გრწამს, ვითარმე სიტყუათა ჩემთაჲ გრწმენეს?