ვითარცა გულისხმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლჱსნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოვანეს.
და რამეთუ თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,
დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად.
ხოლო განსლვად იყო იგი სამარიაჲთ.
და მოვიდა იგი ქალაქად სამარიაჲსა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ ძესა თჳსსა იოსებს.
და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი, ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისა მისგან, დაჯდა წყაროსა მას ზედა. და ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ.
მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი.
რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ.
ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, დედაკაცისაგან სამარიტელისა? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა უწყოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, -- შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი.
ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღუმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი?
ნუუკუე შენ უფროჲს ხარ მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღუმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუამს წყლისა ამისგან, მერმეცა სწყუროდის.
ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი იგი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ.
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი იგი, რაჲთა არღარა მწყუროდის და არცა მოვიდე აქა ვსებად.
ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოუწოდე ქმარსა შენსა და მოვედ აქა,
მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, რამეთუ არა გივის ქმარი,
რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და რომელი აწ გივის, არა ქმარი შენი არს; ეგე ჭეშმარიტად სთქუ.
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ.
მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა-იგი ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ.
ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა.
თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს.
არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲ ეგევითართა ეძიებს თაყუანისმცემელთა მისთა.
სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ.
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, უფალო, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ, ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი.
ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ.
და ამას სიტყუასა ოდენ მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?
და დაუტევა დედაკაცმან მან სარწყული იგი და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ ყოველივე:
მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე ესე არს ქრისტჱ?
და გამოვიდეს ქალაქით და მოვიდეს მისა.
და ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე!
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით.
იტყოდეს ურთიერთას მოწაფენი იგი, ვითარმედ: მო-ვინმე-ართუა ჭამადი?
ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი ესე არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმჱ მისი.
არა თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: ოთხღა თთუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა, ესერა, მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე.
და მომკალმან სასყიდელი მიიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა.
რამეთუ ამით არს სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტ, რამეთუ სხუაჲ არს, რომელმან სთესა, და სხუაჲ არს მომკალი.
მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით.
ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისი, სამარიტელთა მათ, სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველი, რაჲცა ვქმენ, მითხრა მე.
და ვითარცა მოვიდეს სამარიტელნი იგი, ეტყოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ თანა ორ დღე.
და უფროჲსსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ.
ხოლო დედაკაცსა მას ეტყოდეს: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ.
და შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ გალილეად.
რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს.
და ოდეს მოვიდეს გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას, და იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.
მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲსა კაცი მოსრული, რომლისაჲ ძჱ სნეულ იყო კაფარნაუმს.
ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეად; მოვიდა მისა, ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს და განკურნოს ძჱ იგი მისი, რომელი მიახნდა სიკუდიდ.
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს.
ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველ მოსიკუდიდმდე ყრმისა მის.
ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძჱ შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა.
და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას, უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძჱ შენი ცოცხალ არს.
ჰკითხვიდა მათ, ვითარმედ: რომელსა ჟამსა უმოლხინე იქმნა იგი? ჰრქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა დაუტევა იგი სიცხემან.
და მოეგონა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ცოცხალ არს ძჱ შენი. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა.
ესე კუალად მეორჱ სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.