იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდემოს, მთავარი ჰურიათაჲ.
ესე მოვიდა იესუჲსა ღამჱ და ჰრქუა მას: რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუმცა არა ღმერთი იყო მის თანა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისაჲ.
ჰრქუა მას ნიკოდემოს: ვითარ ჴელ-ეწიფების შობად კაცსა ბერსა? ნუუკუე შესაძლებელ არსა მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად?
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.
შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს.
ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ გარქუ თქუენ, ვითარმედ: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობად.
რამეთუ სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა უწყი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრჱთ არს ყოველი შობილი სულისაგან.
მიუგო ნიკოდემოს და ჰრქუა: ვითარ შესაძლებელ არს ესე ყოფად?
ჰრქუა მას იესუ: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია?
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ.
უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?
და არავინ აჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით -- ძჱ კაცისაჲ.
და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს აღმაღლებაჲ ძისა კაცისაჲ,
რაჲთა რომელსა ჰრწმენეს იგი, აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ.
რამეთუ ესრჱთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი, ვითარმედ ძჱცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხოვნდეს სოფელი მის მიერ.
რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა.
და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოივლინა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ.
რამეთუ ყოველი რომელი იქმნ ბოროტსა, სძულნ მას ნათელი და არა მოვიდის ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი.
ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტსა, მოვიდის ნათელსა, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.
ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელ-სცემდა.
იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს მრავალნი და ნათელ-იღებდეს.
რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოვანე საპყრობილედ.
და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანჱსთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს.
მოვიდეს იოვანჱსა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელ-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა, იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა.
მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით.
თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ მე წინაშე მისა.
რომელსა აქუს სძალი, სიძჱ არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარინ ჴმითა სიძისაჲთა. ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს.
იგი ჯერ-არს აღორძინებად და ჩემდა მოკლებად.
ზეგარდამომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს, ხოლო ზეცით მომავალი,
რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს.
რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს.
რამეთუ რომელი ღმერთმან მოავლინა, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მოსცის ღმერთმან სული.
მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა.
რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა.