პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი.
ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.
ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.
მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.
და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
იყო კაცი მოვლინებულ ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე.
ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან.
არა თჳთ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს.
იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.
სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა.
თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს.
ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთის ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი,
რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.
და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა.
იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელ-იგი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს.
რამეთუ სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ.
რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტჱს მიერ იქმნა.
ღმერთი არასადა ვინ იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
და ესე არს წამებაჲ იოვანჱსი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი მისა, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?
ხოლო მან აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე.
და მათ ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? და მან თქუა: არა ვარ. წინაწარმეტყუელი ხარა? და მიუგო: არა.
და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა, რასა იტყჳ შენთჳს?
და თქუა: მე -- ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: წარჰმართენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან.
და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი.
ჰკითხეს მას და ჰრქუეს: რაჲსათჳს ნათელ-სცემ შენ, უკუეთუ არა ხარ ქრისტჱ, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი?
ჰრქუა მათ იოვანე: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით,
რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომლისა არა ვარ ღირს, რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი.
ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე და ნათელ-სცემდა.
ხვალისაგან იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა, კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი.
ესე არს, რომლისათჳს-იგი მე ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირადჱს ჩემსა არს.
მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად.
წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ, ვითარცა ტრედი, გარდამომავალი ზეცით და დაადგრა მას ზედა.
მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა.
და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძჱ ღმრთისაჲ.
ხვალისა დღჱ დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი.
და მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა, ქრისტჱ, ტარიგი ღმრთისაჲ.
და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს.
მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი, რომელ ითარგმანების მოძღუარ, სადა იყოფი?
ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. -- და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა, და ჟამი იყო ვითარ მეათჱ.
იყო ანდრეაცა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელსა ესმა იოვანჱსგან, და მისდევდეს მას.
პოვა მან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: ქრისტე.
ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიჰხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძჱ იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელ ითარგმანების: კლდე.
ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესუ: მომდევდი მე.
ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაჲთ, ქალაქისაგან ანდრეაჲსა და პეტრჱსა,
პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი დაწერა მოსე შჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოვეთ: იესუ, ძჱ იოსებისი, ნაზარეთით.
ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.
იხილა რაჲ იესუ ნათანაელი, მომავალი მისა, თქუა: აჰა, ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.
ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ვიდრე ფილიპესა ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.
მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ გიხილე ლეღუსა ქუეშე, და გრწამს. უფროჲსი ამისა იხილო.
და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა.