ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად, მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა რაჲ-იგი მოემზადა სულნელები, და სხუანი ვინმე მათ თანა.
და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან.
შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი.
და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და, აჰა, ესერა, ორ კაც ზედამოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა.
და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?
არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას.
და თქუა, რამეთუ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარს-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად.
და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი.
და მიიქცეს, უთხრნეს სიტყუანი ესე ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა.
ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოჰანა და მარიამ იაკობისი და სხუანი ვინმე მათ თანა, უთხრობდეს მოციქულთა ამას.
და უჩნდეს მათ სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი.
ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედა და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმჱ ესე.
და, აჰა, ორნი მათგანნი მივიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა ასსამეოც უტევან, რომლისაჲ სახელი ემმაუს.
და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოვლისა მისთჳს, რომელი იქმნა.
და იყო, ზრახვასა მას მათსა და გამოძიებასა, და თავადი იესუ მიეახლა მათ და თანაუვიდოდა.
ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა ვერ იცნან იგი.
და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი ეგე, რომელთა იცილობთ ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე?
მიუგო ერთმან, რომლისაჲ სახელი კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა უწყი, რაჲ-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა?
და მან ჰრქუა მათ: რომელი? ხოლო მათ ჰრქუეს: იესუჲსთჳს ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტყჳთა მისითა წინაშე ღმრთისა და ერისა.
ვითარ-იგი მისცეს მღდელთ-მოძღუართა და მთავართა ჩუენთა საშჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი.
ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაჱლი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამჱ დღჱ მოვალს, ვინაჲთგან ესე იქმნა.
არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენგანთა დამაკჳრვეს ჩუენ, ვითარ მივიდეს იგინი ცისკარსა საფლავსა მას
და არა პოვეს გუამი იგი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ: გამოჩინებაჲცა ანგელოზთაჲ იხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: ცხოველ არს იგი.
და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანნი საფლავად და პოვეს ეგრე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს.
ხოლო მან ჰრქუა მათ: ჵ, უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი!
ანუ არა ესრჱთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტჱსა და შესლვად დიდებასა თჳსსა?
და იწყო მოსესითგან და ყოველთა წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთა წიგნთა მისთჳს.
და მიეახლნეს დაბასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს, ხოლო თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვად.
იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: დაადგერ ჩუენ თანა, რამეთუ მწუხრ არს, და მიდრეკილ არს დღჱ. -- და შევიდა დადგრომად მათ თანა.
და იყო, ინაჴით-ჯდომასა მას მისსა მათ თანა მოიღო პური, აკურთხა, და განტეხა და მისცემდა მათ.
ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი მიეფარა მათგან.
და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გული ჩუენი განჴურვებულ იყო ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა?
და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი,
და იტყოდეს, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს.
და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ-იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.
და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! მე ვარ, ნუ გეშინინ!
ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეშინებულ იქმნნეს, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს.
და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?
იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ. ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.
და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი.
და ვიდრე არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი?
ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისა გოლი.
და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ
და ჰრქუა მათ: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავ თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველივე წერილი შჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთა და ფსალმუნთა ჩემთჳს.
მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისხმის-ყოფად წიგნთა
და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრჱთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტჱსა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა
და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით,
რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა.
და, აჰა, ესერა, მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა, იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით გამო.
და განიყვანნა იგინი ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.
და იყო, კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად.
და მათ თაყუანის-სცეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა.
და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა მარადის და აკურთხევდეს ღმერთსა.