და აღდგა ყოველი იგი სიმრავლჱ მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.
და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოვეთ, რომელი გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებს ხარკისა მიცემად კეისარსა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად.
და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ.
ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ყოველსა ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოვებ კაცისა ამის თანა.
ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.
ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეველ არს კაცი ესე?
და გულისხმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს; მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალჱმს ამათ დღეთა შინა.
ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაჲ მრავლით ჟამითგან ამისათჳს, რამეთუ ესმოდა მისთჳს და სწადოდა ხილვად რაჲსამე სასწაულისა ყოფასა მისგან.
და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაჲ მიუგო მას.
დგეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას.
ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალჱ. და მიუძღუანა იგი პილატეს.
და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი.
ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას
და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე, ვითარცა გარდამაქცეველი ერისაჲ, და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოვე კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენთ მას,
და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას; და არარაჲ ღირსი სიკუდილისა საქმჱ არს მის თანა.
ვსწავლო იგი და განუტევო.
რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი.
ღაღად-ყვეს ყოველმან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მომიტევე ჩუენ ბარაბა,
-- რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეგდებულ იყო საპყრობილესა.
კუალად პილატე მოუწოდა მათ, რამეთუ უნდა განტევებაჲ იესუჲსი.
ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე!
ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს ამას? არარაჲ ბრალი სიკუდილისაჲ ვპოვე ამის თანა, ვსწავლო და განუტევო ეგე.
ხოლო იგინი ზედადაესხმოდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარს-ცუმად, და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთ-მოძღუართანი.
მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა
და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი შფოთისათჳს და კაცის-კლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, რომელსაცა ითხოვდეს, ხოლო იესუ მისცა ნებასა მათსა.
და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდვეს მას ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესუჲსა.
და შეუდგა მას სიმრავლჱ ერისაჲ და დედათაჲ, რომელნი ეტყებდეს და ჰგოდებდეს მას.
მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა,
რამეთუ მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდეს!
მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ!
უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲმე ეყოს?
მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრისმოქმედნი მოკლვად მის თანა.
და ვითარცა მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრისმოქმედნი იგი, რომელიმე მარჯუენით მისა და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს.
ხოლო იესუ იტყოდა; მიუტევე ამათ, მამაო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. -- ხოლო განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი.
და დგა ერი იგი და ჰხედვიდა, შეურაცხ-ჰყოფდეს მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტჱ, რჩეული ღმრთისაჲ.
ემღერდეს მას ერისა კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან
და ეტყჳედ მას: შენ თუ ხარ მეუფჱ ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი!
ხოლო იყო დაწერილიცა, რომელი წერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ მეუფჱ ჰურიათაჲ არს ესე.
ხოლო ერთი დამოკიდებულთაგანი ძჳრისმოქმედთაჲ ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტჱ, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.
მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე საშჯელსა შინა ხარ?
რამეთუ ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან უშჯულოებაჲ არარაჲ ქმნა.
და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.
და იყო ჟამი მეექუსჱ, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
დაბნელდა მზჱ, და განიპო კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის შორის.
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. -- და განუტევა სული.
და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმჱ ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.
და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმჱ ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს.
და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით. და დედანი, რომელნი მოსდევდეს გალილეაჲთ, ჰხედვიდეს ამას.
და, აჰა, ესერა, კაცი, სახელით იოსებ, მზრახვალი, იყო კაცი სახიერი და მართალი.
ესე არა თანაშერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. და იყო იგი არიმათიაჲთ, ქალაქისაგან ჰურიათაჲსა, რომელ იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა.
ესე მოუჴდა პილატეს და გამოითხოვა გუამი იესუჲსი
და გარდამოჰჴსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი საფლავსა გამოკოდილსა, სადა არავინ დადებულ იყო.
და დღჱ იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენებოდა.
შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს გალილეაჲთ, და იხილეს საფლავი იგი და ვითარ დასდებდეს გუამსა მისსა.
და წარვიდეს და მოიმზადეს სულნელი და ნელსაცხებელი; და შაბათი იგი და-ღა-იდუმეს მცნებისა მისთჳს.