და იყო, მათ დღეთა ოდენ ასწავებდა ერსა მას და ახარებდა ტაძარსა მას შინა. ზედამიუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ,
ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მითხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაჲ, და მითხართ მე:
ნათლის-ცემაჲ იოვანჱსი ზეცით იყო, ანუ კაცთაგან?
ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?
და უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად.
მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო.
და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.
და იწყო იგავით სიტყუად მათა: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა მრავალთა ჟამთა.
და ჟამსა თჳსსა მიავლინა მოქმედთა მათ მონაჲ, რაჲთა ნაყოფისა მისგან მოსცენ მას. ხოლო მოქმედთა მათ სცეს და ტანჯეს და წარავლინეს იგი ცალიერი.
და შესძინა მივლინებად სხუაჲ მონაჲ. ხოლო მათ იგიცა გუემეს და წარავლინეს ცალიერი.
მერმე კუალად მიავლინა მესამჱ. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს მას წყლულებაჲ და გამოაძეს იგი.
და თქუა უფალმან მან მის ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძჱ ჩემი საყუარელი, ვინ იცის, ამისი შეიკდიმონ.
ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანისმოქმედთა მათ, ზრახვიდეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი.
და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს უფალმან სავენაჴისამან?
მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ!
ხოლო თავადმან მიჰხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა?
ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი.
და უნდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა დასხმად ჴელთა მათთა მას ჟამსა შინა და ეშინოდა ერისა მის, რამეთუ გულისხმა-ყვეს, რამეთუ მათთჳს თქუა იგავი ესე.
და მზირ-უყვეს მას და მიავლინნეს მზირნი ორგულნი, რომელნი მართალს იტყოდეს თავთა თჳსთა, რაჲთა პოვონ რაჲმე სიტყუაჲ მის თანა და მისცენ იგი მთავრობასა და ჴელმწიფებასა მთავრისასა.
და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ მართალსა იტყჳ და ასწავებ და არავის თუალთ-აღებ, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ.
ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად, ანუ არა?
და გულისხმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს გამომცდით მე?
მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ვისი არს ხატი და ზედაწერილი? -- ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ.
და იესუ ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.
და ვერარაჲ უპოვეს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს-მიგებაჲ იგი მისი და დადუმნეს.
მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არსო, და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:
მოძღუარ, მოსე ესრე დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო იყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.
შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეირთო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ.
და მეორემან და მესამემან.
და მოწყდეს უშვილონი. და ეგრევე შჳდთა მათ, და არა დაუშთა შვილი.
და მათსა შემდგომად მოკუდა დედაკაციცა იგი.
აწ უკუე აღდგომასა მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ;
ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მკუდრეთით, არცა იქორწინებიან, არცა განჰქორწინებენ.
არცაღა მერმე სიკუდილდ ჴელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან.
ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა მას ზედა, ვითარცა იტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაჰამისსა და ღმერთსა ისააკისა და ღმერთსა იაკობისსა.
რამეთუ ღმერთი არა არს მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე.
მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ, კეთილად სთქუ.
და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან. და ჰრქუა მათ უფალმან:
ვითარ უკუე იტყჳან თქუენგანნი ვინმე ქრისტესა ძედ დავითისა?
რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
თჳთ იგი დავით უფლით ჰხადის, და ვითარ ძჱ მისი არს?
და ვითარცა ესმოდა ესე ყოველსა მას ერსა, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:
ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სლვაჲ და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მოკითხვაჲ და პირველადჯდომაჲ კრებულსა შოვრის და ზემოჯდომაჲ პურსა ზედა,
რომელნი შეშჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვედ. ამათ მოიღონ უმეტესი საშჯელი.