ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა.
და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.
და ქურივი იყო მასვე ქალაქსა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა.
და არა ისმინის მისი ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და არცა კაცთაგან მრცხუენის,
ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემახუედრებს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე.
და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ აწ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყჳს.
ხოლო ღმერთმან არამე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღჱ და ღამჱ, და სულგრძელ არს მათ ზედა?
გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძჱ კაცისაჲ, პოვოსმეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?
თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა,
ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ტაძარსა მას ლოცვად: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერჱ.
ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი მტაცებელ, ცრუ, მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერჱ,
ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.
ხოლო მეზუერჱ იგი შორს დგა და ვერ იკადრებდა თუალთაცა ზეცად აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: უფალო, მილხინე ცოდვილსა ამას.
გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი აღმაღლდეს.
მოჰგურიდეს მას ყრმებსაცა, რაჲთა მიეახლნენ მას. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, აყენებდეს მათ.
ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.
და ჰკითხა ვინმე მას მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ საქმჱ ვქმნე, რაჲთა ცხოვრებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?
ჰრქუა მას იესუ: რაჲსა მეტყჳ სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.
მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.
ხოლო მან თქუა: ეგე ყოველი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან.
ესმა რაჲ ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაჲცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯჱ ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.
და ვითარცა ესმა ესე მას, მწუხარე იქმნა, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად.
ვითარცა იხილა იგი იესუ, თქუა: ვითარ ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასჱ.
უადვილეს არს მანქანისსაბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესლვად.
ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს: და ვისმე ჴელ-ეწიფების ცხოვრებად?
მიუგო იესუ და ჰრქუა: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
ჰრქუა მას პეტრე: აჰა, ესერა, ჩუენ დაუტევეთ ყოველივე თჳსი და შეგიდეგით შენ.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ძმანი, გინა ცოლი, გინა შვილნი სასუფეველისათჳს ღმრთისაჲსა,
რომელმან არა მიიღოს მრავალი წილი ჟამსა ამას და საუკუნესა მას -- მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.
და წარიყვანნა ათორმეტნი იგი და ჰრქუა მათ: აჰა, ესერა, აღვალთ იერუსალჱმდ, და აღესრულნენ ყოველნი დაწერილნი წინაწარმეტყუელთანი ძესა ზედა კაცისასა:
რამეთუ მიეცეს ჴელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდენ
და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.
და მათ არა გულისხმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან. და არა იცოდეს თქუმული იგი.
და იყო, ვითარცა მიეახლნეს იერიქოდ, ბრმაჲ ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად.
ვითარცა ესმა, რამეთუ ერი წარმოვალს, ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე?
და უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს.
ხოლო მან ღაღად-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
ხოლო რომელნი წინაუძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰრქუა მას:
რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან თქუა: უფალო, რაჲთა აღვიხილნე თუალნი.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: აღიხილენ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.
და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილა და აქებდეს ღმერთსა.