და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნჱ. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი.
და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს, რომელი-ესე მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების შენ ამიერითგან მნობად.
ხოლო თქუა მნემან მან გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის.
აწ უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლეულთა მათთა.
და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანამდებსა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანაგაც უფლისა ჩემისაჲ?
ხოლო მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. -- და ჰრქუა მას: მიიღე ჴელითწერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი.
მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანაგაც? ხოლო მან ჰრქუა: ასი ოცდაათეული იფქლისაჲ. -- ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელითწერილი შენი და დაწერე ოთხმეოცი.
და აქო უფალმან მნჱ იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. ხოლო ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა.
და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა ამისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ სოფლით, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა.
სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსა ზედაცა ცრუ არს.
უკუეთუ სიცრუვისასა ამას მამონასა არა სარწმუნო იქმნნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქუენ?
და უკუეთუ სხჳსასა მას სარწმუნო არა იქმნნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს?
არავის მონასა ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი სძულდეს და ერთი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ თავს-იდვას და ერთი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონასა.
ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთა, რამეთუ ვეცხლისმოყუარე იყვნეს და შეურაცხ-ჰყოფდეს მას.
და ეტყოდა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავთა თჳსთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შოვრის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა.
შჯული და წინაწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე: მიერითგან სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარების და ყოველი ვინვე მისა მიმართ იიძულების.
უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ, ვიდრეღა შჯულისაგანი ერთი მოხატული დავრდომად.
ყოველმან რომელმან განუტევოს ცოლი თჳსი და შეირთოს სხუაჲ, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა.
კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა იგი ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი დღედ ბრწყინვალედ.
გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილ იყო ბჭეთა მისთა და ქუეძურებოდა.
და გული ეტყოდა განძღებად ნაბიჭევისა მისგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა, არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულებათა მისთა.
იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა, მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.
და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ იგი ტანჯვასა შინა, და იხილა აბრაჰამი შოვრით და ლაზარე წიაღთა მისთა.
და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა.
ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა, ესე აქა ნუგეშინისცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.
და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდამო წიაღმოსლვად.
ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა,
რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა.
ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაწარმეტყუელნი, ისმინედ მათი.
ხოლო მან ჰრქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით მივიდეს მათა, შეინანონ.
ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინეს, არცაღა მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.