მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი პილატე სისხლი შეჰრია მსხუერპლთა მათთა თანა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ?
გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევესახედ ყოველნი წარსწყმდეთ.
ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანამდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს?
გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგრჱთ წარსწყმდეთ.
და ეტყოდა იესუ იგავსა ამას: ლეღჳ ვისმე ედგა ნერგი სავენაჴესა თჳსსა, და მოვიდა, ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა.
და ჰრქუა ვენაჴისმოქმედსა მას: აჰა, ესერა, არს სამი წელი, ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვპოვე. მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲცა დაუპყრიეს უქმად?
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოჴნო მაგას გარემო და სკორჱ დაუდვა,
და ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოვჰუეთო ეგე.
და ასწავებდა მათ იესუ შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა.
და, აჰა, ესერა, დედაკაცი, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაჲ ათრვამეტით წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზეაღხილვად ყოვლითურთ.
იხილა იგი იესუ, და მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა.
და დაასხნა ჴელნი მას ზედა, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა, და ადიდებდა ღმერთსა.
მიუგო შესაკრებელისმთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა.
მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აღჰჴსნისა შაბათსა ჴარი, გინა ვირი ბაგათაგან თჳსთა და წარიბის და ასჳს წყალი?
ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა, ესერა, ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?
და ამას რაჲ იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინააღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.
და იტყოდა უფალი: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ და ვისა მსგავს არს იგი?
მსგავს არს იგი მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა მტილსა თჳსსა; და აღორძნდა და იქმნა იგი ხჱ, და მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრეს რტოთა მისთა.
მერმე კუალად თქუა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ?
მსგავს არს იგი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნოს ყოველი.
და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და წარიგზავნებოდა იერუსალჱმდ.
და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ:
იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ.
ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განმიღე ჩუენ! -- და მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ.
მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ.
და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი!
მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისააკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი სასუფეველსა ღმრთისასა, და თქუენ -- განსხმულნი გარეშე.
და მოვიდოდიან მზისაღმოსავალით და მზისდასავალით, ჩრდილოჲთ და სამხრით და ინაჴ-იდგმიდენ სასუფეველსა ღმრთისასა.
და, აჰა, ესერა, არიან უკუანაჲსკნელნი, რომელნი იყვნენ პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკუანაჲსკნელ.
მას დღესა შინა მო-ვინმე-უჴდეს იესუს ფარისეველნი და ეტყოდეს მას: განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ჰეროდე გეძიებს შენ მოკლვად.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ მელსა მას: აჰა, ესერა, განვასხამ ეშმაკთა და კურნებათა აღვასრულებ დღეს და ხვალე, და ზეგე აღვესრულები.
რამეთუ ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად, რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარეშე იერუსალჱმისა წარწყმედად.
იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენგზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცასახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე მისთა, და არა ინებეთ!
აჰა, ესერა, დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!