და ამისა შემდგომად გამოაჩინნა უფალმან სხუანიცა სამეოცდაათორმეტნი და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად.
და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.
წარვედით! აჰა, ესერა, მე წარგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.
ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და გზასა ზედა ნუ ვის მოიკითხავთ.
და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!
და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა, -- თქუენდავე მოიქცეს.
მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.
და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა.
და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ უბანთა მისთა, არქუთ მათ:
აჰა, ესერა, მტუერი რომელი აღგუეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინე იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.
ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
ხოლო ტჳროსსა და სიდონსა უმოლხინე იყოს საშჯელსა მას, ვიდრე თქუენ.
და შენ, კაფარნაუმ, ნუ ცადმდე აღჰმაღლდები, არამედ ვიდრე ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.
რომელმან ისმინოს თქუენი, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მან მე შეურაცხ-მყოს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ყოს მომავლინებელი ჩემი.
და მოიქცეს სამეოცდაათორმეტნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა.
ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ მე ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა.
აჰა, ესერა, მიგეც თქუენ ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად ზედა გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და არარაჲ გავნოს თქუენ.
ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან თქუენ, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.
მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა წმიდითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა ყრმათა. ჰე, მამაო, რამეთუ ეგრეთ სათნო იყო შენ წინაშე.
ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს ძჱ, გარნა მამამან, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადებად, გამოუცხადოს.
და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ჰხედვენ, რომელსა თქუენ ჰხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის, რომელი თქუენ გესმის.
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვად, რომელსა თქუენ ჰხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა.
და, აჰა, ესერა, შჯულისმეცნიერი ვინმე აღდგა, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხი?
ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.
ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თჳსი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?
მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს და განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს იგი მწყუდარი.
მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და მიემთხჳა და იხილა იგი და თანაწარჰჴდა.
და ეგრევე ლევიტელი მასვე ადგილსა მოვიდა, იხილა იგი და თანაწარჰჴდა.
მერმე სამარიტელი ვინმე წარმოვიდოდა და მოვიდა მასვე ადგილსა და იხილა იგი და შეეწყალა.
და მოუჴდა მას და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი თჳსსა კაჰრაულსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი.
და ხვალისაგან, გან-რაჲ-ვიდოდა, მისცა ორი დრაჰკანი ყოველთა სადგურისა მის მოღუაწესა და ჰრქუა მას: იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტჱსი, მო-რაჲ-ვიდე, მაშინ მიგცე შენ.
ვინ ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ-იგი შევარდა ავაზაკთა?
ხოლო მან თქუა: რომელმან-იგი ყო წყალობაჲ მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და შენცა ეგრევე ჰყოფდ.
და ვითარცა წარვიდეს ესენი და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა.
და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი ჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა.
ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისათჳს მსახურებისა, ზედამიადგა და ჰრქუა იესუს: უფალო, არას იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს;
და აქა მცირედი არს საჴმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.