და მოუწოდა ათორმეტთა მათ და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ.
და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა.
და ჰრქუა მათ: ნურაჲ გაქუნ გზასა ზედა: ნუ ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ.
და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით.
და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთაგან თქუენთა განიყარეთ საწამებელად მათა.
და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.
ესმა ჰეროდეს მეოთხედმთავარსა საქმჱ იგი, მის მიერ რომელნი იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოვანე ნათლისმცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით.
ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა, და სხუანი იტყოდეს: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.
ხოლო ჰეროდე თქუა: იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათჳს ესევითარი მესმის, არა ვიცი, -- და უნდა ხილვაჲ მისი.
და მიიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესუს, რაოდენი ქმნეს. და წარიყვანნა იგინი და განეშორა თჳსაგან ადგილსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან ბეთსაიდა.
ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისაჲსა, და რაოდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა.
და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და აგარაკებსა და დაადგრენ მუნ და პოვონ საზრდელი თავისა მათისა, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. და მათ თქუეს: არა არს ჩუენ თანა უფროჲს, გარნა ხუთი ჴუეზაჲ პური და ორნი თევზნი, გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი.
რამეთუ იყვნეს კაცნი იგი, ვითარ ხუთ ათას ოდენ. და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასისეული.
და მათ ყვეს ეგრე და დასხეს ყოველი იგი.
ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაჲთა დაუგონ ერსა მას.
და ჭამეს და განძღეს ყოველნი, და აღიღეს, რომელ-იგი დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი.
და იყო ლოცვასა მისსა თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. და ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე ერსა ამას, რაჲ თქჳან ჩემთჳს?
ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლისმცემელი; და სხუათა -- ელია; და რომელნიმე იტყჳან: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე და ჰრქუა: ცხებული ღმრთისაჲ.
ხოლო თავადმან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაჲთა არა ვის უთხრან ესე.
და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
და ეტყოდა ყოველთა: რომელთა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი დღითი დღედ და მომდევდინ მე.
რამეთუ რომელსა უნდეს თავი თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან აცხოვნოს იგი.
რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს ყოველი სოფელი და თავი თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღვია?
რომელსა სირცხჳლ-უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყუათა ამათ ჩემთა, ამას ძემანცა კაცისამან არცხჳნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა ანგელოზთაჲთა.
გეტყჳ თქუენ ჭეშმარიტად: არიან ვინმე მანდა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ.
და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ, ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად.
და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა ელვაჲ.
და, აჰა, ესერა, ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია,
რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს.
ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი.
და იყო განშორებასა მას მათსა მისგან, ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; და ვქმნეთ სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, -- რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა.
და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა, ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას.
და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძჱ ჩემი რჩეული, ამისი ისმინეთ!
და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არარაჲ ვის უთხრეს ამათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.
და იყო მეორესა დღესა გარდამოსლვასა მას მათსა მიერ მთით, მოეგებვოდა მას ერი მრავალი.
და, აჰა, კაცმან ვინმე ღაღად-ყო ერსა მას შორის და თქუა: მოძღუარ, გევედრები შენ მოიხილე ძესა ზედა ჩემსა, რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ მივის.
და სულმან უკეთურმან შეიპყრის იგი და მეყსეულად ღაღად-ყვის და დააკუეთის, და პეროვინ, და ძნიად განეშოვრის მისგან და შემუსრის იგი.
და ვევედრე მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განაშოვრეს იგი, და ვერ შეუძლეს.
ხოლო იესუ ჰრქუა: ჵ, ნათესავი გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა და თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარე მე აქა ძჱ შენი!
და ვიდრე იგი მოვიდოდა, დააკუეთა იგი ეშმაკმან მან და აძრწოლებდა მას. და შეჰრისხნა იესუ სულსა მას არაწმიდასა, და განკურნა ყრმაჲ იგი, და მისცა იგი მამასა თჳსსა.
და განუკჳრდებოდა ყოველთა დიდებასა მას ზედა ღმრთისასა, და ყოველნი დაკჳრვებულ იყვნეს ყოველსა მას ზედა, რომელსა იქმოდა იესუ. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა.
დაისხენით თქუენ სიტყუანი ესე ყურთა თქუენთა, რამეთუ ძჱ კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა.
ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა მას, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისხმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს.
შევიდა მათა გულისსიტყუაჲცა: ვინძი იყოს უდიდეს შორის მათსა?
ხოლო იესუ იცოდნა გულისზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი მის წინაშე.
და თქუა: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი, რამეთუ უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ.
და მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა განასხმიდა ეშმაკთა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შეგჳდგს ჩუენ.
ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.
და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ.
და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას.
და არა შეიწყნარნეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ.
და ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს: უფალო, გნებავს, ვთქუათ, რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო?
მიექცა იესუ, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა უწყითა, რომლისა სულისანი ხართ?
რამეთუ არა მოვიდა ძჱ კაცისაჲ წარწყმედად სულთა კაცთასა, არამედ ცხორებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა.
და იყო სლვასა მას მათსა გზასა ზედა, ჰრქუა ვინმე მას: მიგდევდე შენ, ვიდრეცა მიხუალ.
ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
ხოლო სხუასა ჰრქუა: მომდევდი მე! -- და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად დაფლვად მამისა ჩემისა.
ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა, ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ.
ჰრქუა მას სხუამანცა: მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან.
ჰრქუა მას იესუ: არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა და ჰხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა.