და იყო, ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა.
და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან უკეთურთა და უძლურებათა, მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი,
და იოჰანა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲსმოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავალნი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.
ხოლო რომელნი-იგი მის თანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით:
გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა თანა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.
და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ არა იყო სიღრმჱ მიწისაჲ.
და სხუაჲ დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წილი. ამას იტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
ჰკითხვიდეს მას მოწაფენი, ვითარმედ: რაჲ არს იგავი ესე?
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა -- იგავით, რაჲთა ჰხედვიდენ და ვერ იხილონ, და ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ.
ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ.
ხოლო რომელ-იგი კლდესა ზედა, -- რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.
ხოლო რომელ-იგი ეკალთა შინა დავარდა, ესენი არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვათაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან.
ხოლო რომელ-იგი კეთილსა ქუეყანასა, -- რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.
არა ვინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭრითა, გინა ცხედარსა ქუეშე შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ჰხედვიდენ.
რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.
იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და, რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი და ვერ უძლეს შემთხუევად მისა ერისა მისგან.
და უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარეშე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.
და იყო ერთსა შინა დღესა და თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას! -- და აღვიდეს.
და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ზღუასა მას ზედა და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს.
მოუჴდეს და განაღჳძებდეს და ეტყოდეს: მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვათა წყალთასა; და დასცხრა, და იყო დაყუდებაჲ დიდი.
და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინმე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?
და განვიდეს სოფელსა მას გერგესელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.
და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისაგან, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.
და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღად-ყო და შეუვრდა ფერჴთა იესუჲსთა და ჴმითა დიდითა ეტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალგზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.
ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან თქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.
და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთავრდომაჲ.
და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალთაჲ, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ.
და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ზღუად და დაიშთვნეს.
ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმჱ ესე, ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.
და გამოვიდეს ხილვად, რომელ-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარჱ, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა.
რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული იგი.
და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლჱ გარემოჲსსოფლებისაჲ მის გერგესეველთაჲ, რაჲთა წარვიდეს საზღვრისაგან მათისა, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.
ხოლო ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსხმულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:
მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. -- და წარვიდა და ყოველსა მას ქალაქებსა ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.
და მიქცევასა მას იესუჲსსა მუნვე შეიწყნარა იგი ერმან მან, რამეთუ მოელოდეს მას.
და, აჰა, ესერა, მოვიდა კაცი და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახიდ მისა.
რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.
და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტით წლითგან, რომელი ვერვისგან განიკურნა.
მოუჴდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მის.
და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა ყოველნი უვარებდეს, ჰრქუა პეტრე: მოძღუარ, ერნი გარემოგადგან შენ და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?
ხოლო იესუ თქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან.
და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!
და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებლისა მის მთავრისაგან და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშურობ მოძღუარსა.
ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო, და ცხოვნდეს იგი.
და ვითარცა მოვიდა სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე, და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ.
სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ არა მომკუდარ არს ყრმაჲ ეგე, არამედ სძინავს.
ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.
და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმასა მას და ჴმა-უყო: ყრმაო, აღდეგ!
და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა მისცენ მას ჭამადი.
და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო, რაჲთა არავის უთხრან საქმჱ იგი.