და იყო შაბათსა მეორესა, და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოშჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.
ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა,
ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო?
და ეტყოდა მათ: უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაბათისაცა.
და იყო სხუასა შაბათსა, და შევიდა თავადი შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი მისი მარჯუენჱ განჴმელ ედგა.
და უმზირდეს მას მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი, უკუეთუმცა შაბათსა განკურნა, რაჲთა პოვონ, ვითარმცა შეასმინეს იგი.
ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! -- ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის.
და იესუ ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაჲ: რაჲ ჯერ-არს შაბათსა: კეთილისა საქმჱ, ანუ ბოროტისა ყოფაჲ? სულისა ცხორებაჲ, ანუ მოკლვაჲ?
და მიჰხედა მათ ყოველთა და ჰრქუა კაცსა მას: განირათხ ჴელი შენი! ხოლო მან განირთხა, და მოეგო ჴელი იგი მისი, ვითარცა ერთი იგი.
ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და განიზრახვიდეს ურთიერთას, უკუეთუმცა უყვეს რაჲმე იესუს.
და იყო მათ დღეთა და განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ.
და ოდეს განთენა, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულ უწოდა:
სიმონ, რომელსა ჰრქუა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ და იოვანე, ფილიპე და ბართლომე.
მათეოს და თომა, და იაკობ ალფესი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე,
იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელ-იგი იყო განმცემელ.
და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლჱ ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ ტჳროსით და სიდონით,
რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და უძლურნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.
და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდა ყოველთა.
და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
ნეტარ ხართ, რომელთა გმშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;
ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განთქუან სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.
გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა, ესერა, სასყიდელი თქუენი დიდ არს ცათა შინა, რამეთუ ეგრევე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი;
ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გმშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით;
ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ ყოველნი კაცნი, რამეთუ ეგრევე კეთილსა უყოფდეს ცრუწინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა,
და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.
რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ.
ყოველსა, რომელი გთხოვდეს, მიეც, და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი.
და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, და თქუენცა ეგრევე მსგავსად უყოფდით მათ.
და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ჰყუარობენ მოყუარეთა მათთა.
და უკუეთუ კეთილსა უყოფდეთ კეთილისმყოფელთა თქუენთა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფედ.
და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებედ, რაჲთა მოიღონ სწორი.
ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით, და ნუ რას უსასო-ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა.
იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.
ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, და ნუ შჯით, რაჲთა არა დაისაჯნეთ. მიუტევეთ, და მოგეტევოს თქუენ,
მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; და მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.
ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ჴელ-ეწიფების ბრმასა ბრმისა წინაძღუანვად, არამეა ორნივე ჯურღუმულსა შთაცჳვენ?
არა არს მოწაფჱ უფროჲს მოძღურისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ, ვითარცა მოძღუარი თჳსი.
რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თუალისა შენისასა არა განიცდი?
ანუ ვითარ ჴელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და შენ დირესა თუალისა შენისასა არა ჰხედავ? ორგულო, აღმოიღე პირველად დირჱ თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
რამეთუ არა არს ხჱ კეთილი, რომელმან გამოიღის ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხჱ ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი.
რამეთუ თითოეული ხჱ თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ; რამეთუ არა ეკალთაგან შეიკრიბიან ლეღჳ, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი.
კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი; რამეთუ ნამეტავისაგან გულისა იტყჳნ პირი მისი.
რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა გეტყჳ თქუენ?
ყოველი რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყუათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო თქუენ, ვისა იყოს მსგავს.
მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აღაშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროვაჲ რაჲ იყო, ეკუეთა მდინარჱ იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძრვად მას, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.
ხოლო რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა სახლი მიწასა ზედა თჳნიერ საფუძველისა, რომელსა ეკუეთა მდინარჱ, და მეყსეულად დაეცა; და იყო დაცემაჲ სახლისაჲ მის დიდ.