იყო, ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.
და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.
და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებად მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.
და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სიმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადჱ თქუენი ნადირობად.
მიუგო სიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ; ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადჱ.
და ესე ყვეს და შეაყენეს თევზთა სიმრავლჱ დიდი, და განხთქდებოდეს ბადენი მათნი.
და წამს-უყოფდეს, რომელნი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.
ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარი მე, უფალო.
რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.
ეგრევე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონ-პეტრეს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.
და გამოადგინეს ნავი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
და იყო, ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და, აჰა, კაცი სავსჱ კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.
და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! -- და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან.
და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
და უფროჲსად მიმოედებოდა მისთჳს სიტყუაჲ იგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან.
ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.
და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი და შჯულისმოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲსა და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი უფლისაჲ იყო განკურნებად მათა.
და, აჰა, ესერა, კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისა
და ვერ პოვეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კაცი და შთაუტევეს იგი ცხედრითურთ შორის წინაშე იესუჲსა.
და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?
გულისხმა-ყვნა იესუ გულისზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა ეგრე ჰზრახავთ გულთა თქუენთა?
რაჲ არს უადვილეს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ და ვიდოდე?
არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, -- და ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ გეტყჳ, აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა.
და განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდესი დიდებაჲ დღეს.
და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერჱ, სახელით ლევი, მჯდომარჱ საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე!
და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას.
და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს შინა სახლსა თჳსსა. და იყო მუნ კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა, ინაჴითმსხდომარენი.
და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა შჭამთ და ჰსუამთ?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან.
არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.
ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანჱსნი იმარხვენ ზედაჲსზედა და ვედრებასა ჰყოფენ და ეგრევე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა ვიდრემდე სიძჱ მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ?
არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს მათგან სიძჱ და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.
და ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალი იგი განაპოს, და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსლისაჲ.
და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი ძუელნი, ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი იგი წარწყმდენ.
არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.
და არავინ სუამნ ძუელსა ღჳნოსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს, ვითარმედ: ძუელი უტკბილეს არს.