წელსა მეათხუთმეტესა ტიბერიის კეისრისასა, მთავრობასა პონტოელისა პილატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედმთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, და ფილიპესსა, ძმისა მისისა, მეოთხედმთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლუსანისსა მეოთხედმთავრობასა აბილჱნეს,
მღდელთ-მოძღურებასა ანაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს.
და მოვიდა ყოველსა მას სოფელსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი.
ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად და ფიცხელი იგი გზად წრფელად.
და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.
და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?
ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ გულთა თქუენთა, ვითარმედ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა.
რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
და ჰკითხვიდა მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაჲმე ვყოთ?
მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს; და რომელსა აქუნდეს საზრდელი, ეგრევე მსგავსად ყავნ.
მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაჲ ვყოთ?
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ.
ჰკითხვიდეს მას ერად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაჲ ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა-გეყავნ როჭიკი თქუენი.
და ვითარცა მოელოდა ერი იგი, და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოვანჱსთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტჱ,
მიუგო ყოველთა და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, არამედ მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, და განწმიდოს კალოჲ მისი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზჱ დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.
და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას.
ხოლო ჰეროდეს, ოთხთა საბრძანებელთა მთავარსა, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთჳს, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე,
შესძინა ესეცა მას ყოველსა ზედა და შეაყენა იოვანე საპყრობილესა.
და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა, და იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა; განეხუნეს ცანი,
და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა; და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძჱ ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, იაკობისა, ელისა,
მატთანისა, ლევისა, მელქისა, იონნესა, იოსეფისა,
მატათისა, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგჱსა,
მაათისა, მატათისა, სემეისა, იოსებისა, იუდაჲსა,
იონნაჲსა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,
მელქისა, ადისა, კოსომისა, ელმოდადისა, ერისა,
იესუჲსა, ელიეზერისა, იორამისა, მატათისა, ლევისა,
სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა,
მელეაჲსა, მენანისა, მატთანისა, ნათანისა, დავითისა,
იესჱსა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა,
ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა,
იაკობისა, ისააკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა,
სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა,
კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოვესა, ლამექისა,
მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელჱლისა, კაინამისა,
ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა.