და იყო, მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა.
   ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინჱსსა.
   და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა.
   აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანდ, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა,
   აღწერად მარიამის თანა, რომელი თხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ.
   და იყო, ვიდრე იყვნეს იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი.
   და შვა ძჱ იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუეველითა და მიიწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.
   და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს ჴუმილვასა ღამისასა სამწყსოსა მათსა.
   და ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ, და დიდებაჲ უფლისაჲ გამობრწყინდა მათ ზედა, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა.
   და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ, აჰა, ესერა, გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა:
   რამეთუ იშვა თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტჱ უფალი, ქალაქსა დავითისსა.
   და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარჱ ბაგასა.
   და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლჱ ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს:
   დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
   და იყო, ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, თქუეს მწყემსთა მათ ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემდმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელ-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ.
   და მოვიდეს მწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარჱ ბაგასა.
   და ვითარცა იხილეს, გულისხმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს.
   და რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათა მიმართ.
   ხოლო მარიამს დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი და დაედვა გულსა თჳსსა.
   და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათა მიმართ.
   და ვითარცა აღესრულნეს დღენი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, და უწოდეს სახელი მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისასა.
   და რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი შჯულისა მისებრ მოსჱსისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,
   ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს;
   და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს შჯულსა უფლისასა: ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი.
   და იყო მუნ კაცი იერუსალჱმს, რომლისაჲ სახელი სჳმეონ. და იყო კაცი ესე მართალი და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა.
   და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ.
   და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუჲსა ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა მისებრ შჯულისა მისა მიმართ,
   და მან მოიქუა იგი მკლავთა ზედა მისთა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:
   აწ განუტევე მონაჲ შენი, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით,
   რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი,
   რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა,
   ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა.
   და იყვნეს მამაჲ მისი და დედაჲ დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთჳს.
   და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა, ესერა, დგას დაცემად და აღგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳსმგებელთა.
   და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.
   და იყო ანა წინაწარმეტყუელი, ასული ფანუველისი, ტომისაგან ასერისი. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თჳსისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით.
   და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოცდაოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამჱ და დღჱ.
   და ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა ისრაჱლისასა.
   და ვითარცა აღასრულეს მის ზედა ყოველი მსგავსად შჯულისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა -- ნაზარეთა.
   ხოლო ყრმაჲ იგი იესუ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.
   და აღმოვიდიან მამაჲ და დედაჲ მისი წლითი წლად იერუსალჱმდ დღესასწაულსა მას პასექისასა, რომელ არს ვნებისაჲ.
   და იყო რაჲ იგი ათორმეტის წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალჱმდ, ვითარცა ჩუეულ იყვნეს, დღესასწაულსა მას.
   და აღასრულნეს დღენი იგი, და წარსლვასა მას მათსა დაშთა იესუ ყრმაჲ იერუსალჱმს, და არა უწყოდეს მამამან და დედამან მისმან,
   ჰგონებდეს მისა, ვითარმედ მოგზაურთა თანა არს. და მოვიდეს დღისა ერთისა გზასა და ეძიებდეს მას ნათესავსა შოვრის მათსა და მეცნიერთა
   და ვერ პოვეს იგი. და მოიქცეს იგინი იერუსალჱმდვე და ეძიებდეს მას.
   და იყო, შემდგომად სამისა დღისა პოვეს იგი ტაძარსა მას შინა მჯდომარჱ შორის მოძღუართა, და ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათ.
   განუკჳრდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისხმის-ყოფაჲ იგი და სიტყჳს-მიგებაჲ მისი.
   და იხილეს იგი და განუკჳრდა. და ჰრქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაჲსა ესრჱთ მიყავ ჩუენ? აჰა, ესერა, მე და მამაჲ შენი ვრორინებთ და გეძიებთ შენ.
   და მან ჰრქუა მათ: რაჲსა მეძიებდით მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ?
   და მათ ვერ გულისხმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელ ჰრქუა მათ.
   და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთა და იყო დამორჩილებულ მათა. ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თჳსსა.
   და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.