რამეთუ მრავალთა ჴელი შეყვეს აღწერად მითხრობაჲ გულსავსედ სარწმუნოებისათჳს ჩუენ შოვრის საქმეთა აღსრულებულთა,
ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის,
ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოველთა ჭეშმარიტად შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთისმოყუარეო,
რაჲთა სცნა, რომელთათჳს ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.
იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისაჲ სახელი ზაქარია, შემდგომად დღითიდღედისა მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთა, და სახელი მისი ელისაბედ.
და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი.
და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბეთ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა.
და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითიდღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა,
მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა ჰხუედა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა უფლისასა.
და ყოველი იგი სიმრავლჱ ერისაჲ მის ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.
და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარჱ მარჯუენით საკურთხეველისა მის საკუმეველისა.
და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა.
ჰრქუა ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეესმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძჱ, და უწოდი სახელი მისი იოვანე.
და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედისმუცლით მისითგან.
და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათანი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა.
და იგი თავადი პირველ განვიდეს წინაშე მისა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფალსა ერი მომზადებული.
და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?
მიუგო და ჰრქუა ანგელოზმან მან: მე ვარ გაბრიელ, წინაშემდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას.
და იყო შენ დადუმებულ და ვერშემძლებელ სიტყუად ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენნეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა მათსა.
და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ იგი მისი ტაძარსა მას შინა.
და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამს-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად.
და იყო, ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა.
და შემდგომად დღეთა ამათ მიუდგა ცოლი მისი და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე და იტყოდა,
ვითარმედ: ესრჱთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შოვრის.
და თთუესა მეექუსესა მოივლინა ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,
ქალწულისა, თხოვილისა ქმარსა, რომლისაჲ სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.
და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.
ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მისსა და განიზრახვიდა: ვითარმე არს მოკითხვაჲ ესე?
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.
და, აჰა, ესერა, შენ მუცლად-იღო და შვე ძჱ, და უწოდი სახელი მისი იესუ.
ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მოსცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითისი, მამისა თჳსისაჲ,
და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.
ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარმე იყოს ესე, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს -- ძე ღმრთის.
და, აჰა, ესერა, ელისაბეთცა, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსჱ თთუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ.
რამეთუ არა რაჲ შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა სიტყუაჲ.
ჰრქუა მას მარიამ: აჰა, მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! -- და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
და აღდგა მარიამ ამათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მწრაფლ ქალაქად იუდაჲსა.
და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბეთ.
და იყო ვითარცა ესმა ელისაბეთს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო ელისაბედ სულითა წმიდითა.
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!
და ვინაჲ ესე ჩემდა, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?
რამეთუ, აჰა, ესერა, ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა სიხარულით ყრმაჲ ესე მუცელსა ჩემსა.
და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.
და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა,
და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
რამეთუ მოჰხედა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; აჰა, ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
რამეთუ მიყო მე დიდძალი ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,
და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავად მოშიშთა მისთა ზედა.
ყო სიმტკიცითა მკლავისა თჳსისაჲთა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
გარდამოსთხინა ძლიერნი საყდართაგან, აღამაღლნა მდაბალნი;
მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განაბნინნა ცუდნი;
შეიწყნარა ისრაჱლი, მონაჲ თჳსი, მოჴსენებად წყალობისა თჳსისა.
ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა, აბრაჰამს და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
და დაადგრა მარიამ მის თანა სამ თთუე და წარვიდა სახიდ თჳსა.
ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი, და შვა ძჱ.
და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაჲ თჳსი მის თანა, და მის თანა იხარებდეს.
და იყო მერვესა დღესა, და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და ვითარმცა უწოდეს მას სახელი სახელად მამისა თჳსისა ზაქარიაჲსა.
და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდენ მაგას იოვანე.
და ჰრქუეს მას, რამეთუ: არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქჳან სახელი ეგე.
და თუალ-უყოფდეს მამასა მისსა, რაჲძი უნდეს სახელის-დებად მისა.
და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი. და უკჳრდა ესე ყოველთა.
და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.
და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკჳდრთა მისთა; და ყოველთა მათ მთითკერძოთა ჰურიასტანისათა და მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე სიტყუანი.
და დაიდვეს გულსა თჳსსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაჲმე იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყო ყრმისა მის ზედა.
და ზაქარია, მამაჲ მისი, აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა:
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ;
აღგჳდგინა ჩუენ რქაჲ ცხორებისაჲ შორის სახლსა მას დავითის, მონისა თჳსისასა;
ვითარცა იტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა,
გამოჴსნაჲ მტერთაგან ჩუენთა და ჴელთაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაჲსა;
ყოფად წყალობაჲ მამათა ჩუენთა თანა, მოჴსენებად შჯულისა წმიდისა მისისა;
ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა
უშიშად ჴსნად ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა,
მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის გეწოდოს, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,
მოცემად მეცნიერებაჲ ცხორებისაჲ ერსა თჳსსა მოტევებითა ცოდვათა ჩუენთაჲთა,
მოწყალებითა და წყალობითა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომელთა მომხედნა ჩუენ აღმომავალმან მაღლით
გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზასა მშჳდობისასა.
ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და იყო იგი უდაბნოსა, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ.