და მეყსეულად განთენა და ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს მთავარსა.
ჰკითხვიდა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ სთქუ.
და შეასმენდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი ფრიად. და მან არა რაჲ მიუგო.
ხოლო პილატე მერმეცა ჰკითხა მას და ჰრქუა: არას მიუგება? აჰა, რაოდენ შეგასმენენ შენ!
ხოლო იესუ არღარა რაჲ მიუგო, ვიდრემდე უკჳრდაცა პილატეს ფრიად.
და ყოველსა დღესასწაულსა მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოვიან მათ.
ხოლო იყო ვინმე ბარაბა მეჰომეთა თანა კრული, რომელსა შფოთსა შინა კაცი ეკლა.
და ღაღად-ყო ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის.
ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ?
იცოდა, რამეთუ შურით მისცეს იგი მღდელთ-მოძღუართა მათ.
ხოლო მათ აღძრეს ერი, რაჲთა ბარაბა მოუტეოს მათ.
ხოლო პილატე მერმეცა მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲ ვყო მეუფჱ ესე ჰურიათაჲ?
ხოლო იგინი კუალად ღაღადებდესვე ბირებითა მღდელთ-მოძღუართაჲთა და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე!
ხოლო პილატე ეტყოდა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? და იგინი უმეტჱსად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე!
ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაჲ და მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.
ხოლო სტრატიოტთა მათ შეიყვანეს იგი შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი, და შეკრიბეს ყოველივე იგი თესლები.
და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს მას შეთხზული ეკლისა გჳრგჳნი.
და იწყეს მოკითხვად მისა და სიტყუად: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!
და სცემდეს მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყუვიდეს მას და დაიდგნიან მუჴლნი და თაყუანის-სცემედ მას.
და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ძოწეული და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და განიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.
და მოიყვანეს პაჰრაკად თანაწარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამაჲ ალექსანდრჱსი და როფჱსი, რაჲთა აღიკიდოს ჯუარი მისი.
და მოიყვანეს იგი გოლგოთისა ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით დთხემისა ადგილით.
და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღჳნოსა, ხოლო მან არა მიიღო.
და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინძი რაჲ აღიღოს.
ხოლო იყო ჟამი მესამჱ, და ჯუარს-აცუეს იგი.
და დაწერილი ბრალისა მისისაჲ იყო ესრჱთ დაწერილ: ესე არს მეუფჱ ჰურიათაჲ.
და მის თანა ჯუარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით.
და მაშინ აღესრულა წერილი იგი, რომელ იტყჳს, ვითარმედ: უშჯულოთა თანა შეირაცხა.
და თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას და ყრიდეს თავსა და იტყოდეს: ეჰა, რომელი დაარღუევდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშჱნებდ,
იჴსენ თავი თჳსი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით.
ეგრევე მღდელთ-მოძღუარნი იგი იმღერდეს ურთიერთას მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად ქრისტესა, მეუფესა ისრაჱლისასა?
გარდამოჴედინ აწ ჯუარით, რაჲთა ვიხილოთ იგი და გურწმენეს. და მის თანა ჯუარსცუმულნი იგი ეგრევე აყუედრებდეს მას.
და ვითარცა იყო ჟამი მეექუსჱ, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე?
და რომელთამე მუნ წინაშემდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა, ელიას ჰხადის.
და მირბიოდეს და აღავსეს ღრუბელი ძმრითა და დაადგეს ლერწამი, ასუმიდეს მას და იტყოდეს: უტევეთ, ვიხილოთ, უკუეთუ მოვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა.
ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული.
და კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორგან ზჱთგან, ვიდრე ქუემდე.
და ვითარცა იხილა ასისთავმან მან, რომელი წინაშე დგა მისა, რამეთუ ღაღად-ყო და განუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძჱ ღმრთისაჲ იყო.
იყვნეს ვინმე დედანიცა, რომელნი შორით ჰხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალჱნელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსჱტოსის დედაჲ და სალომე,
რომელნი-იგი, ოდესმე იყო გალილეას იესუ, შეუდგეს მას და სხუანი მრავალნი, რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს იერუსალჱმდ.
და ვითარცა შემწუხრდებოდა, -- რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს უწინარჱს შაბათისა, --
მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახვალი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატჱსა და მოითხოვა გუამი იგი იესუჲსი.
ხოლო პილატეს უკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა.
და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი იგი მისი იოსებს.
და მან იყიდა ამრენაკი და გარდამოჰჴსნა იგი ჯუარისაგან და შემოსა იგი ამრენაკითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი გამოკუეთილ იყო კლდისაგან, და მოაგორვა ლოდი და დასდვა იგი კართა ზედა მის საფლავისათა.
იყო მუნ მარიამ მაგდალჱნელი და მარიამ იოსჱტოსი და ჰხედვიდეს, სადა დასდებდეს მას.