და იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ უცომოებისაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.
ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ.
და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონის კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ ფრიადისა სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა.
იყვნეს ვინმე, რომელნი ჰრისხვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის?
რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა, -- და ჰრისხვიდეს მას.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმჱ კეთილი ქმნა ჩემ თანა.
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ გინდეს კეთილის-ყოფად მათდა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ყოფად ვარ.
რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაცხებელითა ცხებად ჴორცთა ჩემთა, დასაფლავად ჩემდა ყო.
ხოლო ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელ-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა.
და იუდა სკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წარვიდა მღდელთ-მოძღუართა მათ, რაჲთა მისცეს იგი მათ.
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხარეს და აღუთქუეს მას მიცემად ვეცხლი. და ეძიებდა, ვითარმცა ჟამსა მარჯუესა მისცა იგი მათ.
და პირველსა მას დღესა უცომოებისასა, ოდეს პასექსა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს იესუს მოწაფეთა თჳსთა: სადა გნებავს, წარვიდეთ და მოგიმზადოთ შენ, რაჲთა შჭამო ვნებაჲ ესე?
და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენ ქალაქად, და შე-რაჲ-ხჳდეთ თქუენ ქალაქად, შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზეედგას, შეუდეგით მას, ვიდრეცა შევიდეს.
არქუთ სახლისა უფალსა, ვითარმედ: მოძღუარი იტყჳს: სადა არს საყოფელი ჩემი, სადა-იგი პასექი მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?
და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი დაგებული და მომზადებული; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.
და გამოვიდეს მომზადებად მოწაფენი და მოვიდეს ქალაქად და პოვეს ეგრჱთ, ვითარცა ჰრქუა მათ იესუ, და მოჰმზადეს ვნებაჲ იგი.
და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა თანა.
და ვითარ დასხდეს იგინი და ჭამდეს, თქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა.
ხოლო მათ იწყეს მწუხარებად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუუკუე მე ვარ? და სხუამან თქჳს: ნუუკუე მე ვარ?
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს პინაკსა ამას ჴელი ჩემ თანა, იგი მიმცემს მე.
ძჱ სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ არს მის კაცისა, რომლისაგან ძჱ კაცისაჲ მიეცემის; უკეთჱს იყო მისა, უკუეთუმცა არა შობილ იყო კაცი იგი.
ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემდა მათ და ჰრქუა: მიიღეთ, ესე არს ჴორცი ჩემი.
და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგანი ყოველთა.
და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, მრავალთათჳს დათხეულიო
ამენ გეტყჳ თქუენ: არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა ღმრთისასა.
და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.
და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი იგი, და განიბნინენ ცხოვარნი.
არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად.
ხოლო პეტრე მიუგო და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე.
ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამგზის უვარ-მყო მე.
ხოლო პეტრე უმეტჱსღა უფროჲს იტყოდა: დაღათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. -- და ეგრევე მსგავსად ყოველნი იტყოდეს.
და მოვიდეს დაბასა, რომლისაჲ სახელი გესამანიაჲ. და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდე ვილოცო.
და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე მის თანა და იწყო დასულებად და ურვად.
და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით.
და წარ-რე-ვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ შესაძლებელ არს, რაჲთა თანაწარჰჴდეს ჟამი იგი მისგან.
და იტყოდა: აბბა მამაო ჩემო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანაწარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, არამედ არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს.
და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლეა ჟამ ერთ განღჳძებად ჩემ თანა?
იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა. სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი -- უძლურ.
და მერმე წარვიდა, ილოცვიდა და იგივე სიტყუაჲ თქუა.
და მოიქცა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არა რაჲ იცოდეს, რაჲმცა სიტყუაჲ მიუგეს მას.
და მოვიდა მერმე მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. მოიწია დასასრული, და მოვიდა ჟამი. აჰა, ესერა, მიეცემის ძჱ კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა.
აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა, ესერა, მიმცემელი ჩემი მოახლებულ არს.
და ვიდრე იგი იტყოდა, მოვიდა იუდა სკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მახჳლითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.
რამეთუ მიეცა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა მათ: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად.
და მეყსეულად მოუჴდა და ჰრქუა მას: გიხაროდენ, მოძღუარ! -- და ამბორს-უყო მას.
ხოლო მათ დაასხნეს მას ჴელნი და შეიპყრეს.
და ერთმან ვინმე წინაშემდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქუენ მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა.
დღითი დღედ თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაწარმეტყუელთანი.
მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.
და ერთი ხოლო ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი.
და მან დაუტევა არდაგი იგი და ივლტოდა მათგან შიშუელი.
და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲსა, მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.
ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა ნათელსა ცეცხლსა წინაშე.
ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუჲსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოვებდეს.
რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორს არა იყვნეს წამებანი მათნი.
და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს, რამეთუ:
ჩუენ გუესმოდა მაგისი სიტყუაჲ, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით-ქმნული და მესამესა დღესა აღვაშჱნო ჴელით-უქმნელი.
და არცაღა ესრჱთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი.
და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი შორის, ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ?
ხოლო იესუ დუმნა და არა რაჲ მიუგო მას სიტყუაჲ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: შენ ხარა ქრისტჱ, ძჱ კურთხეულისაჲ?
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ, ვითარმედ: მე ვარ ქრისტჱ. და ამიერითგან იხილოთ ძჱ კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარჱ ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი?
გესმა ყოველთა გმობაჲ პირისაგან მაგისისა. ვითარ გნებავს თქუენ? -- მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანამდებად სიკუდილისა.
და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა, და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს ყურიმლის-ცემად იგი.
და ვითარცა იყო პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთ-მოძღურისათაჲ.
და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: შენცა იყავ იესუჲს თანა ნაზარეველისა.
ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყჳ შენ. -- და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო.
მერმე კუალად მჴევალმან მან იხილა იგი და იწყო სიტყუად წინაშემდგომელთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანი არს.
ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და მერმე, შემდგომად მცირედისა ჟამისა, წინაშემდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და, რამეთუ გალილეველ ხარ.
ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ.
და მეყსეულად მეორედ ქათამმან ჴმა-ყო. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე სამგზის უვარ-მყო მე, -- და იწყო ტირილად.