და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შჱნებულებაჲ!
მიუგო იესუ და ჰრქუა: ჰხედავა ამათ დიდ-დიდთა შჱნებულთა? ამენ გეტყჳ შენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
და ჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა:
მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე აღესრულნენ?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ.
რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტჱ, -- და მრავალთა აცთუნებდენ.
რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.
რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ ძრვანი ადგიდ-ადგიდ, და სიყმილნი და სრვანი. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.
და მიგცემდენ თქუენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მთავართა და მეფეთა წარსდგეთ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა.
ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაჲ ესე.
და, რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲსწარ ჰზრუნავთ, რასა იტყოდით, არამედ, რაჲ-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ.
რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან -- შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს; ხოლო რომელმან დაითმინოს, სრულიად ცხოვნდეს.
ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ მდგომარჱ, სადა-იგი არა ჯერ-არს, -- რომელი აღმოიკითხვიდეს, სცნობდინ, -- მაშინ, რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად.
და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ სახიდ, ნუცა შევალნ აღებად რაჲსმე სახლისაგან თჳსისა.
და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა.
ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოვებდენ მათ დღეთა შინა!
არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს ესე ზამთარსა.
რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამდე, არცაღა იყოს.
და უკუეთუმცა არა უფალმან შეამოკლნა დღენი იგი, არამცა ცხოვნდა ყოველი ჴორციელი; ხოლო რჩეულთა მათთჳს შეამოკლნა დღენი იგი, რომელნი-იგი გამოირჩინნა,
მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, აქა არს ქრისტჱ, -- გინა: იქი, -- ნუ გრწამნ.
რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუწინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაჲთა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა.
ხოლო თქუენ იხილეთ: აჰა, ესერა, წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი.
არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზჱ დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი;
და ვარსკულავნი ზეცით გარდამოცჳვენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ.
და მაშინ იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი ძალითა და დიდებითა დიდითა.
და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი და შეკრიბნეს რჩეულნი იგი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ქუეყანისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მისა.
ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.
ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს.
ცაჲ და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.
ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არა ვინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, გარნა მამამან მხოლომან.
არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი.
ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა მონაგები თჳსი და ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმჱ თჳსი და მეკარესა ამცნო, რაჲთა მღჳძარე იყოს.
იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, ოდეს უფალი იგი სახლისაჲ მოვიდეს: მწუხრი ანუ შოვაღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად.
ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი.
რომელსა მე გეტყჳ თქუენ, ყოველთა ვეტყჳ: მღჳძარე იყვენით.