და იწყო მათა იგავით სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდჱ გარემოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანისმოქმედთა და წარვიდა.
და მიავლინა ქუეყანისმოქმედთა მათ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.
ხოლო მათ შეიპყრეს იგი და გუემეს და წარავლინეს ცალიერი.
მერმე კუალად მიავლინა მათა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს და წარავლინეს იგი გინებული.
და მერმე სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი -- რომელნი ტანჯნეს და რომელნიმე მოწყჳდნეს.
უკუანაჲსკნელ, ერთი ძჱ ესუა, საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს.
ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ ვითარცა იხილეს იგი მიმავალი მათა, თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ ესე, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი იგი.
და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით.
აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.
არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშჱნებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურისა?
უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
და ეგულებოდა შეპყრობაჲ მისი და ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდეანნი, რაჲთა მონადირონ იგი სიტყჳთა.
ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას ზაკუვით და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არა რაჲ ზრუნვაჲ გიც ვისთჳსვე, რამეთუ არა ჰხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. მარქუ ჩუენ: ჯერ-არსა მიცემად ხარკი კეისარსა, ანუ არა მივსცეთ?
ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო? მომართუთ მე დრაჰკანი, და ვიხილო.
ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა! -- და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს.
და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: აღდგომაჲ არა არს, -- და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:
მოძღუარ, მოსე ესრე დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისიმე მოკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს მკჳდრი ძმასა თჳსსა.
აწ შჳდ ძმა იყვნეს ჩუენ შორის. პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი.
და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი, და მესამემან ეგრევე,
ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი. უკუანაჲსკნელ ყოველთა მოკუდა დედაკაციცა იგი.
აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამისთჳს უკუე სცთებით თქუენ, რამეთუ არა იცით წიგნი, არცა ძალი ღმრთისაჲ?
რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ, ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.
ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსჱსსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი?
არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით.
და მოუჴდა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა სიტყუასა მას. იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ. ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს პირველი მცნებაჲ?
ხოლო იესუ ჰრქუა მას: ყოვლისა პირველად ესე არს: ისმინე, ისრაჱლ, უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს;
და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი.
და მეორჱ, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.
ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არა ვინ არს სხუაჲ მისა გარეშე;
და შეყუარებად იგი ყოვლითა სულითა და და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისხმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.
და იესუ იხილა, რამეთუ გონიერად მოუგო, და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა. და არღარა ვინ იკადრა კითხვად მისა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტჱ ძჱ არს დავითისი?
თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად.
და იტყოდა სწავლასა მას მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა,
და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ინაჴით-ჯდომაჲ პურის-ჭამასა ზედა.
რომელნი შეშჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ილოცვედ, რომელთა მიიღონ უმეტჱსი საშჯელი.
დადგა იესუ წინაშე ფასისსაცავსა მას და ჰხედვიდა, ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასისსაცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად.
და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი წულილნი, რომელ არს კოდრანტჱ.
და მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა შემოწირა ფასისსაცავსა.
რამეთუ ყოველთა ნამეტავისაგან მათისა შემოწირეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, შემოწირა საცხოვრებელი თჳსა.