და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ ორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ.
ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? -- და გამოსცდიდეს მას.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე?
ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშოვრებისაჲ მიცემად და განტევებად.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე.
ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა:
ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს იგი ცოლსა თჳსსა,
და იყვნენ ორნივე ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც.
რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშოვრებნ.
და მერმე სახლსა შინა რაჲ იყო, კუალად მაგისვე სიტყჳსათჳს ჰკითხვიდეს მოწაფენი ამისთჳს.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: უკუეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა.
და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა.
და მოჰგურიდეს მას ყრმებსა, რაჲთა ჴელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს მათ, რომელნი-იგი მოჰგურიდეს.
ვითარცა იხილა იგი იესუ, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.
ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ, რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.
და შეიტყბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ჴელთა და აკურთხევდა მათ.
და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა, მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმჱ ვქმნე, რაჲთა ცხოვრებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?
ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არა ვინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.
მცნებანი იცნი: ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით ჩემითგან, რაჲღა მაკლს მე?
ხოლო იესუ მიჰხედა, შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს სრულ-ყოფაჲ, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯჱ ცათა შინა, მოვედ და შემომიდეგ მე.
ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყჳსათჳს და წარვიდა მწუხარჱ, რამეთუ აქუნდა მონაგები ფრიად.
და მიმოიხილა იესუ და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ: ვითარმედ ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასჱ.
ხოლო მოწაფეთა დაუკჳრდებოდა სიტყუასა მას ზედა, ხოლო იესუ კუალად მიუგო და ჰრქუა მათ: შვილნო, რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასესა ესვენ, შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა!
უადვილჱს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესლვად.
ხოლო მათ უმეტჱს განუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვისმე ჴელ-ეწიფების ცხოვრებად?
მიჰხედა მათ იესუ და ჰრქუა: კაცთა მიერ შეუძლებელ არს ესე, არამედ არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
იწყო პეტრე სიტყუად მისა და ჰრქუა: აჰა, ესერა, ჩუენ ყოველივე დაუტევეთ და შეგითქთ შენ.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა ვინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს,
უკუეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ, ჟამსა ამას, სახლი და ძმანი და დანი, და დედაჲ და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნულებისა, და საუკუნესა მას მომავალსა ცხოვრებაჲ საუკუნოჲ.
ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანაჲსკნელ, და უკუანაჲსკნელნი პირველ.
და იყვნეს იგინი გზასა ზედა და აღმოვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინაუძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მოსდევდეს მას და ეშინოდა კითხვად მისა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო მათა თხრობად მერმისა, რომელი შემთხუევად იყო მისა,
რამეთუ: აჰა, ესერა, აღვალთ იერუსალჱმდ, და ძჱ კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა,
და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.
და მოუჴდეს მას იაკობ და იოვანე, ძენი ზებედჱსნი, და ჰრქუეს მას: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა, რომელი გთხოვოთ, მიყო ჩუენ.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, და გიყო თქუენ?
ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა დავსხდეთ ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით დღესა მას დიდებისასა.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელი შესუმად, რომელი მე შევსუა, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ?
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელი მე შევსუა, შეჰსუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ,
ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით ჩემსა არა არს ჩემი მიცემაჲ, არამედ ვიეთაცა განმზადებულ არს.
და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა.
ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ, რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა?
ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის, არამედ, რომელსა უნდეს თქუენ შორის დიდ-ყოფაჲ, იყოს თქუენდა მსახურ;
და, რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა.
და რამეთუ ძჱ კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა ვისგან, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა.
და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქოჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძჱ ტიმჱსი ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოველად.
და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს; ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ.
ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი, აღდგა და მოვიდა მისა.
მიუგო და ჰრქუა მას იესუ: რაჲ გნებავს, რაჲ გიყო შენ? ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: მოძღუარ, რაჲთა აღვიხილნე თუალნი.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. -- და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.