და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.
და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნჱ ესე მოცემული ამისა, და ძალი ესეოდენი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?
ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძჱ მარიამისი, ძმაჲ იაკობისი და იოსჱსი, იუდაჲსი და სიმონისი, და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.
ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.
და არარაჲ ქმნა მუნ ძალი არცა ერთ, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.
და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა იესუ გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ.
და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა მათ ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.
და ამცნებდა მათ, რაჲთა არა რაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი.
და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი.
და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე.
და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა.
და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ.
და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.
და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდეს, ვითარმედ: იოვანე ნათლისმცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მის თანა.
და სხუანი იტყოდეს: წინაწარმეტყუელი არს, გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ.
ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს.
რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპჱსა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეერთო ცოლად.
და ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმისცოლი შენი.
ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერარაჲ ჴელ-იწიფა.
რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა.
და ვითარცა იყო დღჱ მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა,
და შევიდა ასული იგი ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მისთანათა მეინაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე მე, რაჲცა გინებს, და მიგცე შენ,
ვიდრე ზოგისამდე სამეუფოჲსა ჩემისა.
ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოვო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ.
და შევიდა ქალი იგი მწრაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ.
და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფჱ, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხებაჲ ქალისაჲ მის.
და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლჱ თჳსი და უბრძანა მოღებად თავი მისი.
და წარვიდა, მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.
და ესმა მოწაფეთა მისთა, და მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა.
და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.
და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ, რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურის-ჭამად აცალებდეს.
და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან.
და იხილა იგი ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისხმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოუჴდეს მათ.
და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათა ფრიად.
და ვითარ მრავალი ჟამი წარსრულ იყო, მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ეტყოდეს, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად.
განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა, რაჲ-იგი ჭამონ.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასის დრაჰკნის პური და ვსცეთ ამათ ჭამადი.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ! -- და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი.
და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივასა.
და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი.
და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრევე განუყო ყოველთა.
ჭამეს ყოველთა და განძღეს.
და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსჱ; და თევზისა მისგანიცა.
და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას მამაკაცი ხოლო.
და მეყსეულად აწუევდა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინაწარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი.
და უჯმნა მათ და იგი აღვიდა მთასა ლოცვად.
და ვითარცა შემწუხრდა, იყო კუალად ნავი იგი შოვა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი მარტოჲ იყო ქუეყანასა.
და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით მათსა. და მეოთხესა ოდენ საჴუმილსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ და ვიდოდა ზღუასა ზედა და უნდა თანაწარსლვად მათგან.
ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარ რაჲმე არს და ღაღად-ყვეს.
რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულპყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!
და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტჱსად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა.
რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ.
და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად.
და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა.
და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ მუნ არს.
და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ, და, რადენნი შეეხებოდეს, ცხოვნდებოდეს.