მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳსკიდესა ზედა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვად მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა ქუეყანასა დგა.
და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:
ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად.
და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, და მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი.
და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა-იგი არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, რამეთუ არა იყო სიღრმჱ მიწისაჲ.
და ვითარცა მზჱ აღმოჰჴდა დასცხა, და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
და სხუაჲ დავარდა ეკალთა შინა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო.
და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამეოცეული და ასეული.
და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
და ოდეს იყო თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე?
ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო მათ გარეშეთა -- ყოველივე იგავით სიტყუად.
რაჲთა ხედვით ხედვიდენ და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ.
და ჰრქუა მათ: არა იცითა იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისხმა-ჰყვნეთ?
რომელ-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს.
ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ იგი მისი, მოვიდის ეშმაკი და მოუღის მათ სიტყუაჲ იგი, დათესული მათა მიმართ.
და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად სიხარულით მიიღიან,
და არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და, რაჟამს მოიწიის ჭირი გინა დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაბრკოლდიან.
და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან,
და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის, და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.
და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული და სამოცეული და ასეული.
და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან, ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან.
რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოჲ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედადაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის.
რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და, რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
და ეტყოდა მათ: ესრჱთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა
და დაიძინის; და აღდგის ღამჱ და დღჱ, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ,
რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებნ: პირველად წუელი, მერმე თავი, და მაშინღა სავსჱ იფქლი თავსა მას შინა.
და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწიის მკაჲ.
და იტყოდა: რასა ვამსგავსოთ სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ მისთჳს?
ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, უმცირჱს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.
და ოდეს დაეთესის, აღმოჴდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნ ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველნი ცისანი დადგრომად.
და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად.
და თჳნიერ იგავისა არას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის იგი ყოველი.
მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო.
და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა.
და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი.
და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არას ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით?
და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და დაიყავ პირი! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ.
და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ?
და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?